ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ ღამით საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეებმა მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ცემენტის ქარხნის მუშაობა გააპროტესტეს.
მათი განცხადებით, აღნიშნული მანქანებით სხვადასხვა მავნე ნივთიერების ტრანსპორტირება ხორციელდება, ხოლო ქარხნიდან მუშაობის პროცესში მტვერი იფრქვევა, რომელიც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
“აქ შეკრებილები ვაპროტესტებთ ცემენტის ქარხნის მუშაობას, საიდანაც მტვერი იფრქვევა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, უკვე ვერც ვსუნთქავთ. ასევე ვაპროტესტებთ მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილებას, რომლებიც სხვადასხვა ნივთიერების ტრანსპორტირებას ახორციელებენ. არ გვინდა, რომ ამ მანქანებმა ჩვენს ქუჩაზე იმოძრაონ. თან ძალიან სწრაფად გადაადგილდებიან. „ჭკვიანი კამერების“ დაყენებას დაგვპირდნენ, მაგრამ არ შესრულდა. ვითხოვთ გაკეთდეს ალტერნატიული გზა, თუმცა ეს როდის მოხდება, არ ვიცით. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები დაგვიგროვდა“, – განაცხადა აქციის მონაწილე ანა ქავთარაძემ.
აქციის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
მისი თქმით, მოსახლეობის გულისწყრომა გასაგებია და მაქსიმალურად შეეცდება შესაძლებლობის ფარგლებში არსებული პრობლემები მოაგვაროს.
“რა თქმა უნდა, პრობლემას ვიცნობთ, მოსახლეობის გულისწყრომა გასაგებია ჩვენთვის. შემაწუხებელია ის, რაც ხდება, როგორც ამ ქუჩაზე, ისე მეორე ქუჩაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივებს კარგად ესმით სწრაფად, ერთბაშად გადაწყვეტა ამ საკითხების პრაქტიკულად, შეუძლებელია, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. თუმცა შესაძლებელია იმ მდგომარეობის შემსუბუქება, რომელიც დღეს ამ ქუჩებზე არსებობს. შევთანხმდით, რომ საუბარი უნდა შედგეს არა ქუჩაში, არამედ შენობაში, ემოციების გარეშე. იმ მინიმალურ შესაძლებლობებს რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ ამაზე შევთანხმდებით და ყველაფერი იქნება შესრულებული. რაც შეეხება ალტერნატიულ გზას, რომ ამ მძიმეწონიანმა ავტომანქანებმა იმოძრაოს და არ შეაწუხოს ჩვენი მოქალაქეები ამისათვის, ფოთს სჭირდება შემოვლითი გზა, რომელიც პირდაპირ შევა ფოთში და დასახლებულ პუნქტს არ გაივლის. ამ გზის პროექტირება საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაწყებული აქვს, მაგრამ ეს გზა საკმაოდ ძვირადღირებულია და წელს მის მშენებლობას ჩვენ ვერ დავიწყებთ, მაგრამ თუ კი გამოჩნდება საშუალება, ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით“, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებთანაც იმყოფებოდა. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ხვალ იგი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვდება ჯავახიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს და განიხილავენ იმ საკითხებს, რომელებიც მათ აწუხებთ.
შეგახსენებთ, ფოთში დღეს საპროტესტო აქციები ჯავახიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩებზე გაიმართა.