ცესკო-მ „გირჩს“ ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „გირჩის“ მიერ არჩევნებზე რეგისტრაციისთვის წარდგენილი 27 990 ხელმოწერიდან 27 977 ხელმოწერა ბათილად სცნო, რაც ნიშნავს, რომ „გირჩს“ უარი ეთქვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, მათ უარი ტექნიკური მიზეზების გამო ეთქვათ არა იმიტომ, პარტიამ ცესკოში გააზრებულად წარადგინა ყალბი ხელმოწერები.
ჯაფარიძის თქმით, ცესკო-ს ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, თუ როგორ გაუმართავად მუშაობენ სახელმწიფო უწყებები.
“ცესკო-ს თუ დავუჯერებთ, მათ 1 დღეში შეამოწმეს 27 990 ხელმოწერა, რაც ნიშნავს დაახლოებით წამში 1 ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებას. ეს ფაქტი თავისთავად აჩვენებს კანონით განსაზღვრული ამ პროცედურის აბსურდულობას. თუმცა, არანაკლებ აბსურდულია ცესკო-ს მიერ ხელმოწერების ბათილად ცნობის მიზეზები: დაბადების წელი უნდა ყოფილიყო თურმე მითითებული ოთხნიშნა და არა ორნიშნა რიცხვით (თითქოს 1800-იან ან 2000-იან წლებში დაბადებულებს შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება) და ხელმომწერებზე პასუხისმგებელი პირის გრაფაში მისამართი მითითებული უნდა ყოფილიყო სრულად (თითქოს თბილისს თუ არ მიუთითებ, ვინმემ შეიძლება ჩათვალოს რომ გლდანი ან ჩუღურეთი ფოთის რაიონებიცაა).
„გირჩის“ მიერ ცესკო-ში წარდგენილი ყველა ხელმოწერა იყო ყალბი და ჩვენს მიერ ოფისში დამზადებული, ზუსტად ისე, როგორც წლებია ამას მოქალაქეებისგან მალულად აკეთებს საქართველოში ყველა პარტია. ჩვენ ეს წინასწარ განვაცხადეთ საჯაროდ და თავად დამზადების პროცესიც გავხადეთ საჯარო. მიუხედავად ამისა ხელმოწერების ბათილად ცნობა ცესკო-ს მიერ მოხდა არა სიყალბის გამო, არამედ რაღაც ტექნიკური ხასიათის ხარვეზების მოშველიებით. მეტიც, ვადა მოგვცა ,,ხარვეზის” გასასწორებლად.
ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა და ქართული ბიუროკრატიის მუშაობის ეფექტურობის იდეალური ილუსტრაციაა ის ფაქტი, რომ წარდგენილ, სრულად გაყალბებულ ხელმოწერებში ცესკო-მ არც მეტი არც ნაკლები, აღმოაჩინა 13 რეალური ხელმოწერა და ჩაგვითვალა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ყოველივე ეს ნათლად აჩვენებს, რომ ხელმოწერების წარდგენასთან დაკავშირებული კანონის ეს მოთხოვნა რეალურად გულისხმობს მხოლოდ მაკულატურის შეგროვებას და უბიძგებს პარტიებს არა რეალური მხარდამჭრების მოძიებისკენ, არამედ ცესკო-ს ბლანკებში არსებული ბაზებიდან მონაცემების ზედმიწევნით სიზუსტით გადაწერისკენ.
“ის, რომ ყველა პარტია ხელმოწერებთან დაკავშირებით იგივეს აკეთებს წლებია და აქამდე ამაზე საჯაროდ არავის ამოუღია ხმა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა ჭაობშია ჩაფლული ქართული პოლიტიკა. პარტიები ან ვერ აცნობიერებენ ამ პროცესის აბსურდულობას, ან უბრალოდ ცდილობენ სისტემის საკუთარ თავზე მორგებას.
ჩვენ შევეცადეთ საკუთარ მაგალითზე გვეჩვენებინა, თუ რა წარმოუდგენელი მასშტაბის მარაზმია არსებული სისტემა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი – ცესკო – როგორ აზრდაუტანებლად ასრულებს არსებულ არქაულ და სასაცილო რეგულაციებს. ეს ინსტიტუტი და ეს სისტემა ატარებს ამ ქვეყანაში არჩევნებს. ეს ინსტიტუტი და ეს სისტემა წყვეტს ვის ხელში იქნება ძალაუფლება ამ ქვეყანაში.
რაც შეეხება „გირჩის“ მონაწილეობას არჩევნებში – ჩვენ 1,5 თვის წინ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ თუ ონლაინ ვერ შევაგროვებდით 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერას, არჩევნებში არ მივიღებდით მონაწილეობას. ჩვენ შევაგროვეთ 7 000-ზე მეტი ხელმოწერა და უპირველეს ყოვლისა ამ ადამიანებისადმი პატივისცემის გამო არ ვაპირებთ საკუთარი დაპირების გადათქმას.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად ჩამოვცილდებით საარჩევნო პროცესს. ასეთ ბედნიერებას არ მივცემთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ვიქნებით აქტიური მთელი წინასაარჩევნო პერიოდი და მოგიყვებით სიმართლეს, როგორც ყოველთვის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი