დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის უჩა ნანუაშვილის განაცხადებით, გალის რაიონში მოსახლეობის ნაწილი დევნილთა შემწეობას ვეღარ იღებს, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გალის რაიონში მცხოვრები მმოსახლეობის ნაწილი, რომელიც დევნილთა შემწეობას „ლიბერთი ბანკის“ სპეციალური ბარათით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებდა, დღეის მდგომარეობით დახმარების მიღებას ვეღარ ახერხებს. მიზეზი კი , კორონავირუსის პანდემიის პირობებში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვებია.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, შემწეობის დარიცხვა ხდება „ლიბერთი ბანკის“ სპეციალური ტიპის სოციალურ ბარათზე, რომლის ხანგრძლოვობაც არის 6 წელი, თუმცა ბარათის „პინ კოდი“ ყოველწლიურად იცვლება, რაც პრობლემებს ქმნის.
ნანუშვილის თქმით, იმისათვის, რომ „პინ კოდის“ განახლების მიზნით გალის რაიონში მცხოვრებლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდნენ, ენგურის გადმოცურვა უწევთ. აქედან გამომდინარე, პრობლემის მოსაგვარებლად უჩა ნანუაშვილის თქმით, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს საკუთარი რესური, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით რეგიონში სხვადასხა ჰუმანიტარული ტვირთი შეგზავნოს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის ოდნავ მაინც შემსუბუქება შეუძლია.
„ძალიან ბერი ოჯახისთვის სოციალური შემწეობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რადგან პირადად უწევთ მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, რადგან მსგავსი სერვისით სააგებლობა შეუძლებელია უშუალოდ გალის რაიონის ტერიტორიაზე. იმ პირობებში, როდესაც ე.წ. საზღვარი დაკეტილია მოსახლეობა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ცდილობს გადმოვიდეს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას პრობლემებიც მოსდევს. მაგალითად, 7 ივლისს, ე.წ. საზღვრის კვეთის მცდელობისთვის რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდგომ მდგომარეობა გართულდა და ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 9 ივლისს, ენგურის ხიდის გადაცურვის გამო, დაახლოებით 30-მდე მოქალაქე დააკავეს. ყველა მათგანს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 3 000-დან 20 000 რუსულ რუბლამდე გადახდა უწევთ. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება“ , – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
გარდა ამისა, მისვე თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ უკვე შეინიშნება, პროდუქტების და მედიკამენტების სიმცირე რაიონში.