საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, 2018-2019 წლებში, აჭარის მთავრობასა და საქვეუწყებო დაწესებულებებში თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 41,863,172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია.
ორგანიზაცია კვლევას აჭარის მთავრობისგან და საქვეუწყებო დაწესებულებებისგან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევა 2018-2019 წლებში შრომითი ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, საწვავის, სატელეფონო, წარმომადგენლობით და სამივლინებო ხარჯებს მოიცავს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჯამში, 2018-2019 წლებში:
- თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 41,863,172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია;
- ამავე წლებში 928,907.86 ლარის ოდენობის პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა, რაც 2015-2016 წლებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების რაოდენობაზე (10,116,755 ლარი) დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯებმა 905,421.54 ლარი შეადგინა, რაც 2015-2016 წლებში დახარჯული თანხის (1,947,271 ლარი) დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს;
- სატელეფონო მომსახურებაზე 288,395 ლარი დაიხარჯა;
- წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 446,502.84 ლარი გამოიყო;
- ამ პერიოდში სამივლინებო ხარჯებს 986,854.06 ლარი მოხმარდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (782,509 ლარი) დაახლოებით 205,000 ლარით მეტია.
1. პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგო
2018-2019 წლებში, აჭარის მთავრობასა და საქვეუწყებო დაწესებულებებში თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 41,863,172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია. აქედან, თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი სარგო 22,628,030.81 ლარს წარმოადგენს, ხოლო შტატზე მომუშავე პირების შრომითი სარგო – 19,235,141.71 ლარს.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, აჭარის მთავრობის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 2019 წელს დაახლოებით 124,000 ლარით მეტი ხელფასი გაიცა, ვიდრე 2018 წელს.
2018 წელს აჭარის მთავრობის აპარატში 45 პირი იყო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული. 2019 წელს ამ რიცხვმა 47-მდე მოიმატა. 2019 წლისთვის, შტატგარეშე დასაქმებულთა სიიდან ამოიღეს ელექტრიკოსის, კონსულტანტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის კოორდინატორის პოზიციები. თუმცა შეიქმნა მთავრობის თავმჯდომარის მასმედიასთან ურთიერთობის მენეჯერის, მთავრობის აპარატის პროექტებისა და ინვესტიციების ანალიტიკოსის, მთავრობის აპარატის უფროსის მრჩევლისა და მთავრობის აპარატის ინფრასტრუქტურული საკითხების კონსულტანტის პოზიციები, რომელთა ხელფასების საერთო რაოდენობა 2019 წელს 48,852.93 ლარს შეადგენდა.
2. პრემია და სახელფასო დანამატი
2018-2019 წლებში, აჭარის მთავრობასა და საქვეუწყებო დაწესებულებებში ჯამში 928,907.86 ლარის ოდენობის პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (10,116,755 ლარი) დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია.
აჭარის მთავრობის აპარატის 2018 და 2019 წლებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის მოცულობებს შორის სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, პრემია 4 თანამშრომლით მეტმა მიიღო, ხოლო გაცემული პრემიის ოდენობა წინა წელთან შედარებით საშუალოდ გაორმაგდა.
პრემიისა და სახელფასო დანამატის მოცულობა გაიზარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. წინა წელთან შედარებით, 2019 წელს პრემია გაცილებით მეტმა თანამშრომელმა მიიღო, თან გაზრდილი რაოდენობით.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ისევე, როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, თითოეული გაცემული პრემიის ოდენობა შემცირდა.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯები
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯები 2018-2019 წლებში 905,421.54 ლარს შეადგენდა, რაც 2015-2016 წლებში დახარჯული თანხის (1,947,271 ლარი) დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს.
2019 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თითქმის 22,000 ლარით მეტი საწვავი გახარჯა, ვიდრე 2018 წელს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს საწვავის ფასის, ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა და მეტი საწვავის შეძენა.
4. კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯები
2018-2019 წლების სატელეფონო მომსახურებაზე დახარჯული თანხის ოდენობა 288,395 ლარია.
5. წარმომადგენლობითი ხარჯები
2018-2019 წლებში წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 446,502.84 ლარი გამოიყო.
2019 წელს აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლობითი ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, რადგან შეძენილი საჩუქრების ღირებულება აღემატება 2018 წელს შეძენილი საჩუქრების ღირებულებას.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის წარმომადგენლობითი ხარჯები გაზარდა შეძენილი საჩუქრების, სტუმრების მიღებებისა და ოფიციალური სადილების რაოდენობის მატებამ.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2019 წელს გამართა ღონისძიება “ICCA & UNWTO Masterclass On Meetings Industry”, რომლის ფარგლებშიც დეპარტამენტმა 5,793 ლარი დახარჯა. ამან გაზარდა დეპარტამენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიც.
6. სამივლინებო ხარჯები
2018-2019 წლებში სამივლინებო ხარჯებს 986,854.06 ლარი მოხმარდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (782,509 ლარი) დაახლოებით 205,000 ლარით მეტია.
2018 წელთან შედარებით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სამივლინებო ხარჯები 2019 წელს გაიზარდა: თუ 2018 წელს დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის შიგნით მივლინებაში 53-ჯერ, ხოლო ქვეყნის გარეთ – 56-ჯერ იმყოფებოდნენ, 2019 წელს ამ რიცხვებმა 54-მდე და 64-მდე აიწია, შესაბამისად.
თვალში საცემია აჭარის მთავრობის აპარატის სამივლინებო ხარჯების სხვაობა: 2018 წელს აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლები ქვეყნის შიგნით მივლინებაში 297-ჯერ, ხოლო ქვეყნის გარეთ 21-ჯერ იმყოფებოდნენ. 2019 წელს ქვეყნის შიგნით მივლინებათა რიცხვი 401 გახდა, ხოლო ქვეყნის გარეთ – 29.
2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეყნის შიგნით მივლინებების რიცხვი (295 მივლინება) 49-ით გაიზარდა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებების (19 მივლინება) რაოდენობა – 13-ით.