მარნეულის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი 2019 წლის 24 დეკემბერს მიიღო. ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას დაეფუძნა, რომლის მიხედვითაც ხუთი სტრატეგიული მიზანი გამოიკვეთა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ახალგაზრდების მონაწილეობა, ახალგაზრდების ჯანმრთელობა და ჯანსაღი გარემოს შექმნა, ახალგაზრდებისათვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა, ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა – ეს ის ხუთი სტრატეგიული მიზანია, რომელიც ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტითაა განსაზღვრული.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტმა მარიკა ტყეშელაშვილმა თქვა, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი ოთხ წლიანი ვადითაა მიღებული, მაგრამ მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელი.
„ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი მოიცავს როგორც გრძელვადიან პროექტებს, ასევე ერთჯერად ღონისძიებებს რომლებიც ხუთი სტრატეგიული მიზნის მიღწევისკენაა მიმართული. მარტის თვეში დაგეგმილი იყო ახალგაზრდული საბჭოს არჩევნების ჩატარება სადაც თითოეული თემიდან ერთი აქტიური ახალგაზრდა იქნებოდა წარმოდგენილი. ეს იქნებოდა ადგილობრივ ახალგაზრდებსა და თვითმმართველობას შორის ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმი,“ – განაცხადა მარიკა ტყეშელაშვილმა
ტყეშელაშვილის განმარტებით, ახალგაზრდული საბჭოს შექმნას ხელი კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ შეუშალა. სწორედ ამავე მიზეზის გამო გადაიდო მერიაში ახალგაზრდული იდეების კონკურსის დაწყებაც, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებს სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მოპოვება შეეძლებათ.
„სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსებაა ერთ-ერთი პროგრამა რომელიც სექტემბრიდან გაგრძელდება, როგორც ვიცით ახლა სწავლა შეჩერებულია უნივერსიტეტებში. საგაზაფხულო პერიოდი სამწუხაროდ ჩავარდა იმის გამო, რომ სტუდენტები არ დადიოდნენ ლექციებზე. ჩვენ უკვე დაახლოებით 100 განაცხადი გვაქვს მიღებული იმ სტუდენტების, რომლებსაც აღნიშნული ფინანსური დახმარება შეიძლება ეკუთვნოდეს,“ – თქვა მარიკა ტყეშელაშვილმა
მარიკა ტყეშელაშვილის განცხადებით, მარნეულის მერიაში მოქმედებს სტუდენტების სტაჟირეის პროგრამაც, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს მათთვის სასურველ სპეციალობაზე სტაჟირების გავლა შეეძლებათ. სტუდენტების წახალისებისათვის შეიქმნა „აქტიური სტუდენტის“ დაჯილდოვების ცერემონიაც, რომელიც ყოველწლიურად ახალი წლის საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართება.