სადგურ მეტეხის დასახლებაში მოსახლეობას წყალს კერძო კომპანიები პარავენ

536

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დასახლებაში აქცია გამართეს. ადგილობრივები სასმელ წყალს ითხოვენ, რომლებიც კერძო კომპანიებს აქვთ მიტაცებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

სადგურ მეტეხის დასახლება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, სოფელი მეტეხი კი, – მარჯვნივ:

ამ სოფლიდან თითქმის 3 კმ-იანი მილით გამოყვანილი გვაქვს წყალი. ვიდრე სოფლამდე მოვა, ეს წყალი გვერდით მიერთებული მილით მიედინება კერამიკის ქარხანაში და საქონლის სასაკლაოზე, – ამბობენ ადგილობრივები.

როგორც ირკვევა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, გასულ წელს, 207 000 ლარი სასმელი წყლის რეაბილიტაციის მიზნით დაიხარჯა:

“ვითომ ეს თანხა ჩვენთვის დახარჯეს, სინამდვილეში კი რისთვისაც დაიხარჯა, ფაქტი სახეზეა” – თქვა აქციის ერთ-ერთმა წევრმა.

მოსახლეობა მთავრობისგან რეაგირებას ელოდება.

კასპში კერამიკის ქარხანა 2020 წლის იანვარში გაიხსნა. ის “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გახსნა.

საწარმო “საპარტნიორო ფონდისა” და 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია “კერამიკა ელ ტორენტეს” ერთობლივი პროექტია.

პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია. თუმცა, სასმელი წყალი სადგურ მეტეხის დასახლებისთვის გათვალისწინებული მილიდან მიიყვანეს.