ცქიტიშვილი: ზრუნვას გავაგრძელებთ, რომ ასურეთი ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს

1125

ასურეთში დავასრულეთ რამდენიმე პროექტი და ნაწილობრივ დავუბრუნეთ ამ სოფელს ძველი იერ-სახე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თეთრიწყაროს სოფელ ასურეთში საბიუჯეტო დაფინანსებით, დასრულდა ცენტრალური, შვაბების უბნის რეაბილიტაცია, აღდგა ლუთერანული ეკლესია და სასაფლაოს ტერიტორია, სამ სახლს დაუბრუნდა ისტორიული იერ-სახე, მოეწყო გარეგანათება და მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ეს არის ადგილი, რომელიც ორი საუკუნის წინ გერმანელმა კოლონისტებმა დააარსეს და კომუნისტური მმართველობის დროს იქ 23 ათასი გერმანელი ცხოვრობდა, შემდეგ კი, სამწუხაროდ, ისინი გადაასახლეს ყაზახეთში. ეს არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის პროექტები არის არა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა, არამედ რეგიონული განვითარება. ბევრი რამ უკვე გავაკეთეთ და გავაგრძელებთ ზრუნვას იმისთვის, რომ ასურეთი ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს. გერმანიიდან ბევრი უკვე ჩამოდის, რათა ნახონ წინაპრების სახლები, საფლავები და გვინდა, რომ ამ ისტორიით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ. ზოგადად, ურბანული განახლების ასეთი პროექტებით, ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას ვაძლევთ, რომ ფინანსური სარგებელი ნახონ. ათასი ადამიანი ცხოვრობს დღეს ასურეთში და მათ უკვე აქვთ საშუალება იფიქრონ ტურისტული მიმართულების განვითარებაზე. რა თქმა უნდა, მთავრობა, ტურიზმის ადმინისტრაცია, გერმანიის ხელისუფლებასთან ერთად, დავეხმარებით მათ იმაში, რომ ეს დასახლება გახდეს გერმანელი ტურისტების და არა მარტო მათი მარშრუტის ნაწილი.

ამასთან ერთად, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში არსებობს შესაძლებლობა ისარგებლონ სუბსიდირების პაკეტით, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გაარემონტონ თავისი სახლები, მოაწყონ ე.წ. გესთ ჰაუსები,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.