ახალციხეში, თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის 115 მეტრიან მონაკვეთს კერძო მესაკუთრე ჰყავს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ტერიტორია ბაზრის საკუთრებაში მანამდე იყო, ვიდრე აქ გზას დააგებდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საჯარო რეესტრის უახლესი ამონაწერების მიხედვით, გზა რომელიც თამარაშვილის ქუჩას ასპინძის ქუჩასთან აკავშირებს, დაახლოებით 115 მ (შუქნიშნიდან ხიდამდე) მთლიანად შპს „სავაჭრო ცენტრი ახალციხეს“ საკუთრებაშია. უფრო ძველი საკადასტრო ნახაზებიდან კი ჩანს რომ 2015 წლამდე კოპმანია გზის მთლიან მონაკვეთს არ ფლობდა.
რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, საკადასტრო ნახაზში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით, პირველად ახალციხის ბაზარმა საჯარო რეესტრს 2015 წლის ივნისში მიმართა. რაზეც უწყებისგან უარი მიიღო, რადგან კომპანიას არ ჰქონდა წარდგენილი მუნიციპალიტეტის მიერ თანხმობა საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ზუსტად ერთი თვის შემდეგ ახალციხის ბაზარმა კოორდინატების შეცვლის თაობაზე მერიისგან თანხმობა მიიღო. ახალი საკადასტრო ნახაზით კი, ახალციხის ბაზრის საკუთრებაში გზის მთელი ნაწილი მოექცა.
ახალციხის ბაზრის ტერიტორია მისმა ახლანდელმა მფლობელმა, შპს „სავაჭრო ცენტრი ახალციხემ“ 2013 წლის ოქტომბერში შეიძინა. იმ პერიოდში საავტომობილო გზა, რომელიც თამარაშვილის ქუჩას ასპინძის ქუჩასთან აკავშირებს, უკვე აშენებული იყო. როგორც ახალციხის ბაზრის ახლანდელი დირექტორი, ვახტანგ ქართველიშვილი გვიყვება, ძველი ნახაზებით, მთელი ეს ტერიტორია, მათ შორის გზაც ნაკვეთის ყოფილი მფლობელის, შპს „ალფა მარკეტის“ საკუთრება იყო.
„ადრე აქ იყო სამხედრო ქალაქი, 2011 წელს გაიხსნა აქ პირველად ბაზარი. ეს ტერიტორია, სადაც ახლა გზა გადის, მაშინ ამ სამხედრო ქალაქის ნაწილი იყო. გზაც მაშინ ააშენეს იმდროინდელმა მფლობელებმა,“ – ამბობს ქართველიშვილი.
ბაზრის ახლანდელ დირექტორს 2015 წელს საკადასტრო ნახაზებში ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
იმის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე გასცა მაშინდელმა თვითმმართველობამ ნახაზების კორექტირების შესახებ თანხმობა და როგორ მოექცა საავტომობილო გზა კერძო მფლობელობაში ახალციხის მერს, ზაზა მელიქიძეს და ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატს, გია კოპაძეს დავუკავშირდით, რომელიც იმ პერიოდში ახალციხის მერი იყო.
გია კოპაძემ კითხვის მოსმენის შემდეგ ჯერ გვითხრა, რომ არ ახსოვდა რაზე ვეკითხებოდით. დამატებითი დეტალების მოსმენის შემდეგ კი გვიპასუხა: „2012 წლის შემდეგ რომ რაღაცა გზა გაიყვანეს, კარგად გაკეთდა და სიკეთით გაკეთდა და ხალხისთვის კარგი გაკეთდა, ამაზე პრეტენზია გაქვთ რამე? არ გაძლევთ ხოლმე ინტერვიუებს და კარგად ბრძანდებოდეთ“, – გვითხრა დეპუტატმა და ყურმილი დაკიდა. შემდგომ სატელეფონო ზარებს კოპაძემ აღარ უპასუხა.
საკადასტრო ნახაზში 2015 წელს განხორციელებული ცვლილების შესახებ, ინფორმაცია არ აქვს ახალციხის ამჟამინდელ მერს, რომელიც იმ პერიოდში ახალციხის გამგებელი იყო.
„მუნიციპალიტეტის ინტერესი არის, რომ გზა ჰქონდეს საკუთრებაში, თუმცა იმ მეპატრონესაც უნდა უნდოდეს. ქონება დარეგისტრირებული აქვს და ჩვენ რა შეგვიძლია ახლა, ჩვენი ხელისუფლება არის ჰუმანური და ვერ იქნება ისეთი, რომ ვინმეს კერძო საკუთრება წაართვას“ – გვითხრა მელიქიძემ.
კითხვაზე, თუ უცდია ოდესმე მუნიციპალიტეტს, რომ ალტერნატიული ფართის სანაცლოდ, მოლაპარაკებოდა გზის მესაკუთრეს, მელიქიძემ გვიპასუხა: „თვითონ მეპატრონეებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივა. ყველა შემთხვევაში, ეს ჩემამდე იყო და მე ვერ გეტყვით იქ რა ნიუანსები იყო, რატომ მისცეს ეს გზა და ასე შემდეგ“.
იურისტი სოსო ხითარიშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს ბაზრის ხელმძღვანელობისთვის ის მონაკვეთი, სადაც გზა გადის, ალტენატიულ ფართში უნდა გაეცვალა, იურისტი არ გამორიცხავს, რომ მომავალში კერძო მესაკუთრემ თვითმმართველობას გზით სარგებლობის უფლება შეუზღუდოს.
„წესით გზა უნდა იყოს მუნიციპალური საკუთრება, რაც ამ შემთხვევაში ასე არაა. მინიციპალიტეტს შეეძლო გაეცვალა სხვა ალეტრნატიულ ფართში ეს ტერიტორია. მე როგორც ვიცი ამაზე მოლაპარაკებებიც ჰქონდათ, თუმცა არ გაცვალეს. აუცილებელია მერიამ იზრუნოს ამ საკითხზე, რადგან, რომ მოინდომოს კერძო მესაკუთრემ, შეუძლია ჩაკეტოს ეს გზა და ამ შემთხვევაში ვერც ვერაფერს მოიმოქმედებს მუნიციპალიტეტი,“ – ამბობს სოსო ხითარიშვილი და ამატებს, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილება უკვე შეუზღუდა ორ ადგილობრივს, რომლებსაც ბაზრის მიმდებარედ სავაჭრო ობიექტი და საცხოვრებელი სახლი აქვთ.
სწორედ ამ გზასთან დაკავშირებულ საკითხზე, ადგილობრივებმა ბაზრის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს. მათ ინტერესებს სოსო ხითარიშვილი იცავს. ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოქალაქეებისა და ბაზრის ადმინისტრაციის დავა ჯერ არ გადაუწყვეტია.