მიწის რეგისტრაციის ფარგლებში, გორის სოფელ ვარიანის მიწის ნაკვეთების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

292

გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე დამუშავებული მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს 6 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.napr.gov.ge/publishing, გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.gori.gov.ge , ვარიანის გამგეობის შენობაში.

“იმ შემთხვევაში, თუ საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს არ ეთანხმებით, 2021 წლის 6 ნოემბრიდან 6 დეკემბრის 16:00 საათის ჩათვლით, გთხოვთ მოგვმართოთ განცხადებით ადგილზე, ან შეავსოთ ონლაინ განაცხადი მითითებული ბმულის საშუალებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება” , – ინფორმაციას საჯარო რეესტრის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწის ნაკვეთები სისტემური წესით კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად დარეგისტრირდება.