აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

763

წინა სტატია

აბასთუმნის შემოვლით გზაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. 50 მილიონიან პროექტს შპს „ჯეუ გრუპი“ შეასრულებს. მასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს „ჯეუ გრუპთან“ ხელშეკრულება 6 ივლისს გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, აბასთუმანში, დასავლეთ მხარეს, მთაგორიან რელიეფში, დაუსახლებელ, ტყიან მასივში უნდა გაიჭრას შემოსავლელი გზა. რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომანქანები დაბაზე აღარ ივლიან და მათ დასავლეთ საქართველოში გადასვლა შეეძლებათ აბასთუმანზე შემოვლით.

შემოვლითი გზა იწყება მდინარე აბასთუმნისა და კურცხანას შესართავთან და მთლიანობაში 60 კილომეტრს შეადგენს. გზის ის მონაკვეთი, რომელმაც აბასთუმანს უნდა შემოუაროს 16 კილომეტრია. მათგან 9.2 კილომეტრი ბორჯომ-ბაკურიანის ეროვნულ პარკზე გაივლის და 370 მეტრზე გვირაბი მოეწყობა.

აბასთუმნის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი 13 მარტს, 50 032 960 ლარზე გამოცხადდა. ტენდერში მონაწილეობა ექვსმა კომპანიამ მიიღო: შპს ფერი, შპს New Road, ჯეუ გრუპი, JOINT VENTURE OF “NWC SHANDONG”, აკკორდ ჯორჯია – მაქრო ქონსთრაქშენი, შპს არალი. მათგან სამს, (არალი, აკკორდ ჯორჯია – მაქრო ქონსთრაქშენი, JOINT VENTURE OF “NWC SHANDONG”) ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭათ.

კომპანია, რომელმაც 50 მილიონ ლარად შეფასებული პროექტი უნდა შეასრულოს თბილისშია რეგისტრირებული. მისი 50-50%-იანი წილის მესაკუთრეები და წილის მმართველები არიან ნინო კიკაბიძე და გიორგი მარკოიშვილი. ორივე მათგანი „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველები არიან. 2017 წელს თითოეულმა მათგანმა პარტიას 25 000-25 000 ლარი შესწირეს.

აბასთუმნის შემოვლითი გზა ის პროექტია, რომლის გაყვანასაც ბუნებისდამცველები  ეწინააღმდეგებიან. ისინი ირწმუნებიან, რომ ეროვნულ პარკზე საავტომობილო გზის გაჭრა კანონს ეწინააღმდეგება.

„ეს ტერიტორია არის ეროვნული პარკის ერთ–ერთი ზონა, ეროვნული პარკი თავისთავად იქმნება იმ სახით, როგორიც არის, რადგან იქ გავრცელებული სახეობები არის ღირებული და შევთანხმდით ყველა, რომ ეს უნდა იყოს შენარჩუნებული. ნებისმიერი ასეთი სახის ჩარევა იწვევს მნიშვნელოვან ზეგავლენას და პირვანდელი სახით არსებული გარემოს განადგურებას. ეს არის ზიანი, რომელიც არ შეიძლება იყოს შერბილებული და კომპენსირებული, ეს ზემოქმედება იქნება შეუქცევადი და ამ ტერიტორიისთვის დაუშვებელი“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე.

ორგანიზაციამ შემოვლითი გზის საქმეზე სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გარემოს დაცვის მინისტრის მიერ მიღებული ბრძანება, „ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“.

აბასთუმანში შემოვლითი გზის მშენებლობა, 2018 წელს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ორი კვირით ისვენებდა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმანში „ექსპერიმენტის“ ჩატარებას აპირებდა და ელექტრომობილები უნდა შეეყვანა, ამიტომ აქ სხვა ტრანსპორტი ვერ იმოძრავებდა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადების შესაბამისად, უკვე დაწყებული ბაღდათი–აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოების პროექტი შეჩერდა. აღნიშნული პროექტით გზის 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მოხდებოდა და ამისთვის 60 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო. ამ პროექტით სამუშაოები 2020 წელს დასრულდებოდა. თუმცა დაიგეგმა ახალი პროექტი, რომლის განხორციელებაც ახლა, 2020 წლიდან დაიწყება.