თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ნინო ლაცაბიძე თბილისის ბალნეოლოგიური კურორტისა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
თბილისის საკრებულოს ცნობით, სამუშაო შეხვედრა გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით შედგა და მისი მიზანი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო მომსახურების საშეღავათო პაკეტის შეთავაზებაა.
ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და ბალნეოლოგიური კურორტის წარმომადგენლება საკუთარი შეთავაზებები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
კერძოდ, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტატიშვილის კლინიკა პედაგოგებს სამედიცინო მომსახურების მიზნით 1 წლის მანძილზე 100 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს, ასევე ბაგა-ბაღების თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად გეგმიურ ამბოლატორიულ მომსახურებაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კვლევებსა და სარეაბილიტაციო სერვისებზე მათ 20%-იან შეღავათს შესთავაზებენ. საშეღავათო პირობები სტაციონალურ მომსახურებაზეც ვრცელდება, რაც სადეპოზიტო ანგარიშზე 500 ლარის ოდენობით თანხის დარიცხვას გულისხმობს.
რაც შეეხება ბალნეოლოგიურ კურორტს, 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება სამედიცინო და სარეაბილიტაციო, მათ შორის ფიზიო პროცედურების მიმართულებით, ხოლო, დანარჩენ მომსახურებაზე, როგორიცაა: ბალნეოლოგია, კოსმეტოლოგია და სპა, აქ საშეღავათო პროცენტი 10 დან 15 %-ით განისაზღვრება.
გიორგი დოხტურიშვილმა ორი კომპანიიის წარმომადგენლებს საკითხთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები გააცნო და დეტალების დაზუსტების შემდეგ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დააანონსა.