პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, „ძალა ერთობაშიას“ ფორმატთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ დრომდე კონსულტაციები მინდინარეობს.
მისივე თქმით, პარტიაში აზრი გაყოფილია და ბევრს სურს, რომ „ძალა ერთობაშიას“ ფორმატი არ შეიცვალოს.
„მე რა ინფორმაციაც მაქვს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ დრომდე კონსულტაციის რეჟიმში არიან, ვინაიდან იქ აზრი გაყოფილია. ბევრს აქვს სურვილი, მათ შორის ლიდერებს, რომ „ძალა ერთობაშია“ – ეს ფორმატი დარჩეს როგორც არის. დაველოდოთ მათ კონსულტაციას, „ძალა ერთობაშიას“ სხვა პარტიები ყველა შეჯერებულია.
თვითონ ლიდერებშიც ისეთი აზრთა სხვაობაა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თავს უფლებას ვერ მივცემ, მათ მაგივრად მე გავცე პასუხი, ჯერ საბოლოოდ არ არიან ჩამოყალიბებულები“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი სხვა პარტიების გადაწყვეტილებაც.
ამასთან, ჩარკვიანმა არ გამორიცხა, რომ გიორგი ვაშაძესთან საარჩევნო ბლოკი შექმნას.
„გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებების შესახებ ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ჩვენს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მოგახსენებთ. კაცმა არ იცის, ვინ როგორ გავალთ. ბოლომდე ველოდებით ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ამხელა პარტიაა და მე პირადად პატივს ვცემ, რადგან დასავლური ღირებულებები გვაქვს საერთო.
ამიტომ ყველანი მათ გადაწყვეტილებას ველოდებით. თუ ისინი მოინდომებენ ცალკე გასვლას, ბუნებრივია, ჩვენ, გარკვეული ადამიანები ვიფიქრებთ ბლოკზე. ვნახოთ, შეიძლება, მე და გიორგი ვაშაძემ ვიფიქროთ ჩვენს ბლოკზე, უკვე ვფიქრობთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.