ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად თემურ ჭანუყვაძე დაინიშნა, -ამის შესახებ გურია ნიუსი წერს.
ჯერ კიდევ გასულ წელს, ოზურგეთის საკრებულოს 30 ნოემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკე გამოიყოფოდა ზედამხედველობის სამსახური. მას შემდეგ გამოცხადებული იყო ვაკანსია და კონკურსიც ჩატარდა.
კონკურსის ჩატარების შემდეგ, გარკვეული დროის მანძილზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის დანიშვნა დროში გაიწელა. როგორც მერიაში ამბობენ, შეფერხების მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გახდა.
2020 წლის 1 ივლისიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედვლობის სამსახურის უფროსად დაინიშნა თემურ ჭანუყვაძე. მანამდე ის მერის პირველი მოადგილის, ალექსანდრე სურგულაძის მრჩეველი იყო და ჩვეულებრივი წესით მიიღო გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა.
“სადაც ვმუშაობდი, 80-იანი წლებიდან, ყოველთვის კონკურსში ვღებულობდი მონაწილეობას. აღნიშნულ თანამდებობაზეც კონკურსის წესით მოვხვდი. ვეცდები, მაქსიმალურად კარგად ვიმუშაო. ძალიან ბევრი და რთული სამუშაო აქვს ამ სამსახურს,” – თქვა თემურ ჭანუყვაძემ.
თემურ ჭანუყვაძემ უმაღლესი განათლება თავის დროზე უკრაინაში მიიღო. 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ხარკოვის ინსტიტუტი. პროფესიით მშენებელი ინჟინერია. მას აქვს მდიდარი შრომითი ბიოგრაფია. წლების მანძილზე მუშაობდა სასაქონლო ექსპერტიზის ექსპერტად, შემდეგ უფროს ექსპერტად. ბოლოს კი იყო რეგიონის სასაქონლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსი.