საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონში ორი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ ლაილაშში 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში კი 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება. პროექტების ჯამური ღირებულება 3 086 178 ლარს შეადგენს და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების შენობები თანამედროვედ აღიჭურვება, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ისწავლონ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.