ბოლნისის მერმა მუნიციპალიტეტში საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა

562

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მოქალაქეებს, მედიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა.

მაჟორიტარის ანგარიშს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. ანგარიში გოგი მეშველიანმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში წარადგინა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინო მდგომარეობის გამოცხადების პირველი დღიდანვე ჩვენი მაჟორიტარი გოგი მეშველიანი აქტიურად ჩაერთო კორონავირუსის პრევენციისთვის განხორციელებულ ყველა ღონისძიებაში. ის, საგანგებო შტაბთან ერთად, ფაქტობრივად 24 საათი მუშაობდა, რათა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს თავი უსაფრთხოდ ეგრძნო. ჩვენმა მუნიციპალიტეტმა შეძლო, თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება. კარანტინის პერიოდში მოსახლეობას საკვებით, მედიკამენტებითა და სხვადასხვა სერვისით უზრუნველვყოფდით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუნიციპალიტეტმა ამ გამოწვევას თავი წარმატებით გაართვა, ამ წარმატებაში კი, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი ბატონ გოგის მიუძღვის, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. კოორდინაციულმა მუშაობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიისა და საგანგებო სიტუაციებისას ერთიანობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ კარანტინი მუნიციპალიტეტში გართულებების გარეშე დავასრულეთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.