თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში აქცია გამართა. სოფლის მცხოვრებლები სასმელ წყალს თხოვენ. მათი თქმით, წყალი 20 წელია, არ მიეწოდებათ და სასმელ წყალს ჭებიდან ეზიდებიან. სოფელში ამბობენ, რომ ახლა გვალვის გამო წყალი ჭებშიც არ არის.
„ორი წლის წინ სოფელში წყლის გაყვანილობა დამონტაჟდა, რისთვისაც რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა პრობლემა არ მოგვარდა. რამდენჯერმე მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა მათგან მხოლოდ გულგრილი დამოკიდებულება მივიღეთ. ვითხოვთ სიცოცხლისთვის აუცილებელ პირობას, წყალს“, – განაცხადა აქციის მონაწილე ზაალ გორგიძემ.
აქციის მონაწილეებთან სოფელ კვახჭირში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებული რომან მამრიკვიშვილი მივიდა. მისი თქმით, ორი წლის წინ სამუშაო მართლაც უხარისხოდ შესრულდა, მილები უხარისხოდ დააერთეს.
„ამ დროისთვის, არსებული ხარვეზები აღმოფხვრილია, თუმცა წყალი მოსახლეობას კვლავ არ მიეწოდება, რისი მიზეზიც საკმარისი დებეტის არარსებობაა. ვმუშაობთ ყველა საჭირო უწყების ჩართულობით, რომ მოსახლეობამ წყალი რაც შეიძლება, მალე მიიღოს“, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.