აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სამთო იალაღებს ეწვია და მთების ელექტროფიკაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე.
მთავრობის თავმჯდომარე თავდაპირველად ესტუმრა მთა მაჭარელათს, სადაც ელექტრო გადამცემი ხაზები უკვე დამონტაჟებულია. ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად შეხვდა მემთეურებს და პირადად მიულოცა შუამთობის დღესასწაული. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, იალაღების ელექტროფიკაცია უპრეცედენტოა, რადგან არც ერთ პერიოდში მსგავსი პროექტი სამთო იალაღებისთვის არ განხორციელებულა. მათი თქმით, ასევე პირველად მასპინძლობენ იალაღებზე რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესაც. ზურაბ პატარაძე დღესვე ესტუმრა აგარის მთას, სადაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობა იყო შეკრებილი. მემთეურებმა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის „შუამთობის“ აღსანიშნად მცირე კულტურული პროგრამაც წარმოადგინეს. ისინი უკვე ხვალ, ბეშუმში „შუამთობის“ ოფიციალურ ნაწილს დაესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ აჭარაში ყველაზე მაღალმთიან ხულოს მუნიციპალიტეტში იალაღების ელექტროფიკაცია უკვე 10-მდე მთაზე განხორციელდა, რომლებითაც 16-ზე მეტი სოფელი სარგებლობს. პროექტში ამ ეტაპზე 541 ათას ლარამდე დაიხარჯა. დაწყებულია მუშაობა კურორტ ბეშუმის და მიმდებარე იალაღების (13სოფლის) ელექტროფიკაციის მიმართულებით, რისთვისაც გამოყოფილია 248 900 ლარი.
ელეტროგადამცემი ხაზების მოწყობა ხულოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.