დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების მინისტრთან, ხულოს მერთან და ადგილობრივ სკოლის აღსაზრდელებთან ერთად სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის დაწყებას საფუძველი ჩაუყარა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ვაშლოვანში სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის პროექტი ეროვნული მნიშვნელობისაა და მას ექნება უფრო დიდი მიზანი და მისია, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლას.
„მიხარია, რომ რამდენიმე თვის წინ დაგეგმილი სკოლის მშენებლობის პროექტი უკვე მოქმედებაში შევიდა და ძალიან მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ აღნიშნულ სკოლის მშენებლობის დასრულებას.
სკოლას ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შიდა და გარე მოედნები. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესი და ამ მიმართულებითაც არ მოვაკლებთ რესურსს, რომ გაძლიერებულად ხდებოდეს როგორც უცხო ენების, ასევე ზუსტი მეცნიერებების სწავლა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ კურსდამთავრებულებს უნდა ჰქონდეთ ფართო ასპარეზი.
განათლება და ახალგაზრდობა სტრატეგიული პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სკოლის ძალიან ბევრი კურსდამთავრებული სწავლას გააგრძელებს როგორც ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, ასევე რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ბათუმში. ჩვენ უკვე შევუთანხმდით რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომ მაღალმთიანი აჭარიდან წარჩინებული სტუდენტები პირდაპირ ჩაირიცხონ და გააგრძელონ სწავლა. ასე რომ, მთელი ჯაჭვი და ციკლი განათლების სისტემის გახლავთ აწყობილი და ამჯერად ჯერი არის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე. ყველა პირობა შეიქმნება, რომ აქ საშუალება ჰქონდეს მოსწავლეებს მიიღონ ხარისხიანი განათლება.
ეს სკოლა მოემსახურება პრაქტიკულად მთელ მაღალმთიან აჭარას. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო და წარჩინებული მოსწავლეები იქნებიან წარმოდგენილი ამ სკოლაში” – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, პროექტის მიხედვით აშენდება ორი შენობა – 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა და 150 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი. შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი, სპორტდარბაზი. სკოლის ეზოში მოეწყობა ღია მოედანი და ტრიბუნები. სკოლა იქნება საცხოვრებელი გარემოთი, კვებით, ტრანსპორტით უზრუნველყოფილი სასწავლებელი და მოემსახურება მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებს.
პროექტი იქნება სრულად ადაპტირებული და ენერგოეფექტური. მშენებლობისთვის კი 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.