საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა მზადების პროცესშია.
მისივე თქმით, მმართველი პარტია ძალიან დეტალურ საარჩევნო პროგრამას წარადგენს.
კობახიძე ამბობს, რომ პროგრამაზე მუშაობა სავარაუდოდ, თვის ბოლოსკენ დასრულდება.
„ბუნებრივია, პროგრამა მოიცავს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების ყველა მიმართულებას. ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული პროგრამა წარდგენილი საზოგადოების წინაშე და ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში.
პოზიტიური იყო ყველა პროგრამა, რაც კი „ქართულმა ოცნებამ“ დღემდე წარადგინა. 2016 წელს ჩვენი სლოგანიც იყო – თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა და ამ პრინციპზე იყო აგებული მთლიანად პროგრამა. ჩვენ გვქონდა პოზიტიური კამპანია, რასაც რადიკალური ოპოზიცია თავისი ნეგატიური კამპანიით პასუხობდა.
იგივე იყო თბილისის არჩევნების შემთხვევაში და ზოგადად, მუნიციპალური არჩევნების შემთხვევაში, სადც ჩვენი პროგრამა მთლიანად იყო აგებული იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას. მათ შორის იყო ეკონომიკური საკითხები, ეკოლოგიური საკითხები, ტრანსპორტისა და ურბანული საკითხები და ა.შ.
ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივია, გვექნება სიახლეები რა თქმა უნდა ყველა მიმართულებით. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროგრამა არის მზადების პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან თამამი და მეორე მხრივ რეალისტური დაპირებები, როგორც ეკონომიკის კუთხით, ასევე სოციალური, საგარეო პოლიტიკის კუთხით. პროგრამა მომზადდება თვის ბოლომდე და ამის თაობაზე დეტალურად გექნებათ ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.