კობახიძე: იმედი მაქვს, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე 30-ვე მაჟორიტარი დასახელდება და სრულმასშტაბიან საარჩევნო სამზადისზე გადავალთ

493

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტიის 30-ვე მაჟორიტარი ივლისის შუა რიცხვებში დასახელდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო პროგრამაზე მუშაობაც.

„ჩვენ წარვადგენთ ძალიან დეტალურ საარჩევნო პროგრამას, პროგრამა არის მზადების პროცესში და სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის დასრულდება ამ პროგრამაზე მუშაობა. ის მოიცავს ბუნებრივია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების ყველა მიმართულებას, ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული პროგრამა წარდგენილი საზოგადოების წინაშე და ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში.

როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩვენი გეგმაა, რომ უახლოეს დღეებში დავასრულოთ შერჩევის, განხილვის პროცესი. მე იმედი მაქვს, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე 30-ვე მაჟორიტარი დასახელდება და ივლისის შუა რიცხვებიდან სრულმასშტაბიან საარჩევნო სამზადისზე გადავალთ. იქნებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე დიდი ხანია არიან გუნდში, მაგრამ იქნებიან ასევე საკმაოდ ჭარბად წარმოდგენილი ახალი სახეები”, – განაცხადა კობახიძემ.