მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურაზე ქობულეთში. სოფელ დაგვაში მცხოვრები 6 წევრიანი ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. შამილიშვილებს სახლამდე მისასვლელი გზა ფაქტობრივად არ გააჩნიათ. ამბობენ, რომ თუ მათ მოთხოვნას ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, სოფლის მოსახლეობასთან ერთად აქციებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
შამილიშვილებს, სახლამდე მისასვლელი გზის მხოლოდ ეს მონაკვეთი გააჩნიათ. ოჯახი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას წლებია ითხოვს, თუმცა ვითარება უცვლელი რჩება. მათთან ვერც ავტომობილილი მიდის და საჭიროების შემთხვევაში ვერც სასწრაფო დახმარების ჯგუფი. საოჯახო ტვირთს, გურამ შამილიშვილი, მუდმივად ხელით ეზიდება.
შამილიშვილები ამბობენ, რომ ასეთ პირობებში ცხოვრება განსაკუთრებით რთული წვიმიან ამინდშია, რადგან არც სანიაღვრე სისტემა არსებობს. ყოველი გაწვიმებისას, ნალექი გზიდან მათ ეზოში ჩაედინება და გარეთ გასვლაც შეუძლებელი ხდება.
მოუწესრიგებელ გზას ქვათაცვენაც ემატება. იმის გამო, რომ ერთხელაც, ჩამოცვენილ ქვას მსხვერპლი არ მოჰყვეს, ადგილობრივები ამ მონაკვეთს მუდმივად შიშით გადიან, განსაკუთრებით ბავშვების გამო.
ქობულეთის მერიამ დამკვიდრებული ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და პასუხი წერილობით მოგვწერა. დებს პირობას, რომ დაგვაში, აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე ჩაუტარდება.
იმ შემთხვევაში, თუ კი პრობლემა არ მოგვარდება, ოჯახი ირწმუნება, რომ, სოფლის მოსახლეობასთან ერთად, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.