მამუკა მიქელაძემ დანაშაული აღიარა – “ოცნების” ყოფილ დეპუტატთან საპროცესო გაფორმდა

645
მამუკა მიქელაძე

წინა სტატია

ახალციხის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარესთან, მამუკა მიქელაძესთან საპროცესო გაფორმდა. მას 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა და სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა. „ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანს გამამტყუნებელი განაჩენი ახალციხეში მიწის დაკანონების საქმეზე გამოუტანეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს, სამ ივლისს გაიმართა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა მამუკა მიქელაძე დამნაშავეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ცნო. ესენია:

სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თაღლითობას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ყალბი დოკუმენტის, ბეჭდვის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

მამუკა მიქელაძის ინტერესებს დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახაზინო ადვოკატი იცავდა.

„ორი დღეა რაც ამ საქმეში ჩავერთეთ, მან პროცესზე აღიარა დანაშაული და საპროცესო გაფორმდა“, – განაცხადა სახაზინო ადვოკატმა. თავად მიქელაძემ კი “სამხრეთის კარიბჭეს” ზარს არ უპასუხა.

„ქართული ოცნების“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მამუკა მიქელაძემ, 2016 წელს საკრებულოში ყოფნის დროს საკუთარ თავს თამარაშვილის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი დაუკანონა. საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეობასთან ერთად, მიქელაძე იკავებდა „საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის” ხელმძღვანელის პოსტსაც.

სწორედ ამ პერიოდში დაუკანონა მან საკუთარ თავს ახალციხეში, თამარაშვილის N57-ის მიმდებარედ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 275 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მიქელაძე თავად იყო განმცხადებელიც და რეზოლუციის დამდებიც.

აღნიშნულ საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

სამწლიანი ძიების შედეგ, მოსამართლე ჯეირანაშვილმა მიქელაძეს საპროცესო სსკ–ის ორი მუხლით ჩადენილი დანაშაულის გამო გაუფორმა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა და ყალბი დოკუმენტების დამზადება და გამოყენება.