ცქიტიშვილი: პარლამენტის თბილისში გადმოსვლით ქუთაისს ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ დაკლებია

57

პარლამენტის თბილისში გადმოსვლით ქუთაისს ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ დაკლებია, პირიქით, ქუთაისში გაკეთდა ისეთი საქმეები, რაც მხოლოდ პარლამენტის მშენებლობით ვერ იქნებოდა მოგვარებული, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის პარლამენტის შენობა ამ ეტაპზე არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, დაგეგმილია მისი პრივატიზება და ამ შენობებისთვის სხვა ფუნქციის გამოძებნა.

„სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენებით თავის დროზე მოხდა არასწორი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც 300 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხვდა პარლამენტის შენობაში, ლამაზი არქიტექტურის შენობაში, რომელიც სამწუხაროდ მუშაობისთვის ყოვლად მიუღებელია. თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო უშუალოდ ამ შენობაში და ეს შენობა საჭიროებს ძალიან ბევრ ინვესტიციას, რათა შენობის გადაკეთება მოხდეს იმისთვის, რომ მოხდეს სავენტილაციო სისტემის მოწესრიგება. გარდა ამისა, პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენებაში 300 მილიონი ლარის ინვესტიცია მოხდა მაშინ, როდესაც ქუთაისს მაგალითად არ ჰქონდა წყალმომარაგების სისტემა და მხოლოდ წელს ჩვენ შევძელით 24-საათიანი წყალმომარაგების მოგვარება. აქედან გამომდინარე, გადატანა, დაბრუნება გაკეთებული საქმე არის მაშინ, როდესაც ეს საქმე ეფექტურად გამოიყენება. ძალიან პრობლემა ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვინც აქ მუშაობდა – აპარატის თანამშრომლებს მათ ოჯახის წევრებსა და ა.შ. ამ შემთხვევაში პარლამენტი მუშაობს იქ, სადაც პარლამენტი თავდაპირველად მუშაობდა – დედაქალაქში.

ქუთაისს რაც შეეხება და მის განვითარებას აქ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოწესრიგდა; განვითარდა ტურიზმი, განვითარდა ბიზნესი, საწარმოები და სწორედ ტურისტული მოზიდულობით ცენტის შექმნით ქუთაისს აქვს საშუალება, მეტი ახალი სამუშაო ადგილი იყოს შექმნილი. პარლამენტი არ არის ერთადერთი, ქუთაისს პარლამენტის არქონით ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ დაკლებია, პირიქით, ქუთაისში გაკეთდა ისეთი საქმეები, რაც მხოლოდ სწორედ პარლამენტის მშენებლობით ვერ იქნებოდა მოგვარებული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.