რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის კონტროლი რუსთავის მერიის “რუსთავსერვის ცენტრს” დაევალა.
“ადმინისტრაციულ საზღვრებში ადმინისტრაციული დარღვევის ოქმის შედგენა, სპეციალურ ადგილზე გადაყვანა და მოვლა-პატრონობა დაგვევალა “რუსთავ სერვისცენტს,“- განაცხადა გიორგი გოროზიამ.
“რუსთავსერვისცენტრის” ხელმძღვანელმა Tv4-თან კანონდარღვევის შემთხვევაში არსებული სანქციები განმარტა და აღნიშნა,რომ სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანა მოხდება და გადაყვანის ღირებულება 70 ლარი იქნება.
“ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის თუ მეთვალყურის ყოფნის გარეშე ყოფნა, გარდა არსებული კერძო მიწის ნაკვეთისა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, და მეორე, და ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია და შევხვედრივართ ქალაქში, როდესაც მსხვილფეხა პირუტყვი გვიზიანებს მწვანე ნარგავებს, გამწვანების ზოლში, ასევე პარკებში სკვერებში გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება მსხვილფეხა პირუტყვის გადაყვანა სპეციალურ ადგილზე და ეს სპეციალური ადგილი არის “რუსთავსერვის ცენტრის” შემადგენლობაში არსებული ტყე-ჭალის ტერიტორია. გადაყვანის თანხები განისაზღვრება და მთლიანად უზრუნველყოფს უკვე მესაკუთრე. ეს გახლავთ 70 ლარი, ხოლო ყოველდღიური მოვლა-პატრონობა 30 ლარის ოდენობით განისაზღვრა. თუ მესაკუთრე არ დადგინდა ან არ მოხდა მათი მხრიდან კონტაქტზე გამოსვლა მსხვილფეხა პირუტყვთან დაკავშირებით, 30 კალენდარულ დღეში, მაგის შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტი მოახდენს პირუტყვის აუქციონის წესით რეალიზებას.
თუმცა, მესაკუთრეებს აქვთ გამოყოფილი სპეციალური ტრასები,რომელთა ადგილმდებარეობის მიხედვით, მათ შეუძლიათ გარკვეული დროის პერიოდში მოახდინონ გადარეკვის პროცედურები.
ეს დროებია გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი დილის 6 საათიდან 8 საათამდე, ხოლო საღამოს 19 საათიდან 21 საათამდე. ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დილის 8-დან 10-მდე და საღამოს 17 საათიდან 19 საათამდე, “- განაცხადა გიორგი გოროზიამ