„სამხრეთის კარიბჭე“ უკვე გიყვებოდათ იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ ქართუ ბანკს ერთ ნაკვეთში 14-ჯერ დიდი მიწა გაუცვალა. როგორ შეაფასა სახელწიფომ გაცემული და მიღებული ქონება – ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ „ქართუსთვის“ მიცემული 49 255 კვ.მ მხოლოდ 108 ათასი ლარით მეტი ღირს, ვიდრე „ქართუს“ მიერ სახელმწიფოსთვის დათმობილი 3 445 კვადრატი,”- ამის შესახებ სტატიას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ქართუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები ჩვენ სახელმწიფო ქონების სააგენტოდან გამოვითხოვეთ. მოწოდებულ მასალებში მითითებულია ფასები არა კურორტების მიხედვით, არამედ მხოლოდ საერთო თანხა, თუ რამდენად შეფასდა სახელმწიფოს და „ქართუს“ მიწები.
სახელმწიფო ქონების სააგენტოს ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ბათუმში, მცხეთაში, აბასთუმანსა და ბაკურიანში მდებარე შვიდი ნაკვეთი, ჯამში 49 255 კვ.მ, 2 265 999 ლარად შეაფასა. ის 3 445 კვ.მ მიწა კი, თავისი შენობით, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაანგრიოს და რომელიც ამ შვიდი ნაკვეთის სანაცვლოდ „ქართუმ“ დათმო, ამავე დასკვნით, 2 156 913 ლარი ღირს.
ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი ფასების მიხედვით, კვადრატული მეტრის ღირებულება ასე გამოიყრება:
„ქართუს“ მიერ დათმობილი ერთი კვადრატული მეტრი 626 ლარი ღირს, ხოლო სახელმწიფოს მიერ „ქართუსთვის“ გადაცემული კვადრატული მეტრი საშუალოდ 46 ლარი.
(იმის გამო, რომ სახელმწიფო ქონების სააგენტომ “ქართუსთვის” გადაცემული ნაკვეთების ფასების შესახებ ინფორმაცია ჩაშლილად არ მოგვაწოდა, უცნობია, როგორ შეაფასა თითოეული მათგანი)
რა გაცვალეს ქართუმ და სახელმწიფომ და რა ღირს მიწა ამ ტერიტორიებზე:
სამხრეთის კარიბჭე წერს, რომ თებერვლის ხელშეკრულებით, „ქართუმ“ 3,4 ჰექტარი მიწა მიიღო ლისის ტბასთან ახლოს, მცხეთაში, სოფელი მუხათწყაროში. არასასოფლო მიწის ნაკვეთის სახელმწიფო და კომერციული ფასები ამავე ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო, მაგალითისთვის, 2019 წელს, სახელმწიფო ქონების სააგენტომ 2000 კვ.მ 50 500 ლარად გაყიდა – 1კვ.მ დაახლოებით 25 ლარად. დღევანდელი მონაცემებით, ქონების ყიდვა-გაყიდვის საიტებზე, 1კვ.მ–ის კომერციული ღირებულება მუხათწყაროში დაახლოებით 80 ლარია.
აბასთუმანში, სახელმწიფო აუქციონებზე 2018-2019 წლებში 1კვ.მ დაახლოებით 100 – 150 ლარად იყიდებოდა. სხვადასხვა კომერციულ საიტზე კი არასასოფლო მიწის ნაკვეთები 200 დან 250 ლარამდე ღირს. თებერვლის გარიგებით, ბანკ „ქართუს“ აბასთუმანში 3 374 კვ.მ გადაეცა.
140 ლარამდე ღირდა სახელმწიფო აუქციონზე 1კვ.მ მიწა მწვანე კონცხზე, სადაც ქართუმ 1 310 კვ.მ მიიღო. ყიდვა-გაყიდვის საიტებზე, ამავე ტერიტორიაზე 1კვ.მ-ის ფასი დაახლოებით 180 ლარია.
დაახლოებით 200 ლარად იყიდება კვ.მ ბაკურიანში, იმავე ტერიტორიებზე, სადაც ივანიშვილის ბანკს სახელწმიფომ 3 331 კვ.მ მიწა გადასცა.
რა ფასად ყიდდა სახელმწიფო მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა პერიოდში ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, ღია წყაროებით არ იძებნება, თუმცა მედიის არქივის მიხედვით, ასევე სხვადასხვა კომერციულ საიტზე არსებული ინფორმაციით, კვ.მ-ის ფასი ამ ტერიტორიაზე 400 ლარს არ აღემატება.
სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზით, დიდველზე „ქართუს“ საკუთრებაში არსებული კვადრატული მეტრი 626 ლარად შეფასდა
სახელმწიფო ქონების სააგენტოს ინფორმაციით, ეს ტერიტორია სახელმწიფოს, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად სჭირდება. სააგენტო ადასტურებს, რომ ნაკვეთზე მდგარ შენობას დაანგრევენ და მის ადგილას ახალ საბაგიროს ააშენებენ.
ივანიშვილის ბანკსა და სახელმწიფოს შორის გარიგებაზე „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა 10 ივნისს გამოაქვეყნა. გარიგების მიხედვით დიდველის საბაგიროსთან მდებარე ერთ ნაკვეთში, ქართუ ბანკმა სახელმწიფოსგან 14-ჯერ დიდი ტერიტორია მიიღო აბასთუმანში, მცხეთაში, ბათუმსა და ბაკურიანში. არც მაშინ და არც ახლა, „ქართუს“ კომენტარი არ გაუკეთებია, ქონების სააგენტოში კი „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ გარიგება სახელმწიფოს ინიციატივა იყო და მიღებულ მიწებზე „ქართუს“ არანაირი ინვესტიციის ვალდებულება არ აქვს.
სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელმაც თქვა, რომ „ქართუმ“ სახელმწიფოს ინტერესი გაითვალისწინა და ამ გარიგებით სარგებელი არ მიუღია.