ბიძინა ივანიშვილის ბანკმა და ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთები გაცვალეს. გარიგების მიხედვით, ბაკურიანში, დიდველის საბაგიროსთან მდებარე შენობის სანაცვლოდ სახელმწიფომ, ივანიშვილის კომპანიას, ბაკურიანში, აბასთუმანში, ბათუმსა და მცხეთაში ჯამში 14–ჯერ დიდი ტერიტორია გადასცა. სახელმწიფომ 49 255 კვ.მ მიწა „ქართუს“ 3 445 კვ.მ-ში გაუცვალა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
როგორც სახელმწიფო ქონების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ნაკვეთების გაცვლის შესახებ თანხმობა საქართველოს მთავრობამ გასცა 2020 წლის 21 თებერვლის N359 განკარგულებით, თუმცა ეს განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე ატვირთული არაა.
ქონების გაცვლის ხელშეკრულება ბანკ „ქართუსა“ და ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის წელს, 26 თებერვალს გაფორმდა. შენობა, რომლის სანაცვლოდაც სახელმწიფომ 49 255 კვ.მ ტერიტორია დათმო, ბაკურიანში, დიდველის საბაგიროსთან მდებარეობს. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ქონების ეროვნულ სააგენტოში უპასუხეს, გაცვლა სახელმწიფოს ინიციატივა იყო და ამ ტერიტორიას 2023 წლის სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამზადებენ.
„შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელშეწყობით 2023 წელს ბაკურიანში ტარდება სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარებისთვის კომპანიის მიერ მიმდინარეობს კურორტ ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე (ახალი დიდველი) 3 (სამი) ახალი საბაგირო გზის, მასთან დაკავშირებული სასრიალო არეალებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. აღნიშნული საბაგიროები, სასრიალო ტრასები და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად ხვდება ასევე N64.30.04.751 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ მოთხოვნილ იქნა ხსენებული უძრავი ქონების კომპანიის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, შემდგომში კურორტ ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის დადგენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტის სრულფასოვნად განხორციელების მიზნით“ – მოგვწერეს ქონების სააგენტოდან.
ადგილობრივებს ბაკურიანში შენობის მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მათ მხოლოდ ის იციან, რომ შენობას, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა, დასანგრევად ამზადებენ.
ამ 3 445 კვ.მ ტერიტორიის სანაცვლოდ, ივანიშვილის ბანკმა მიიღო სამი მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, ორი – აბასთუმანში, ერთი – ბათუმში (მწვანე კონცხზე) და ერთიც მუხათწყაროსთან (ლისის მიმდებარედ) – სულ 49 255 კვ.მ.
ბაკურიანის სამი ახალი ნაკვეთი ივანიშვილის იმ საკუთრებას ესაზღვრება, რომელიც, ამონაწერების მიხედვით, მის ბანკს 2011 წელს, ვალის გაქვითვის ხარჯზე გადაეცა.
თებერვლის გარიგების შემდეგ, „ქართუს“ საკუთრება გახდა 3 000 კვ.მ-ზე მეტი ორი ნაკვეთი აბასთუმანში. ორივე მათგანი ესაზღვრება ივანიშვილის სახლს, რომელიც მან 2018 წელს, ადგილობრივი ბიზნესმენის, ოთარ თათეშვილისგან ნაყიდ ტერიტორიაზე აიშენა.
გარიგებამდე, ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიებს, ამ ორი ნაკვეთისა და საპატრიარქოს საკუთრების გარდა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები ფლობდნენ. 2020 წლის თებერვლის გარიგებით ბიძინა ივანიშვილს საკუთარი კომპანიების გარდა მხოლოდ ერთი მოსაზღვრე, საპატრიარქო დარჩა.
კიდევ ერთი ტერიტორია, რომელიც „ქართუმ“ სახელმწიფოსგან იმავე ხელშეკრულებით მიიღო, ბათუმშია – გარიგების შემდეგ, 1 310 კვ.მ მიწის ნაკვეთი ივანიშვილის კომპანიის საკუთრებაა. ამავე ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია 2020 წლის ივნისში ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს „ბიზნეს დეველკოპმენტმა“ სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონის წესით იყიდა. გამოცემა ‘ბათუმელების’ ინფორმაციით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, „ბიზნეს დეველოპმენტი’’, რომლის მფლობელიც „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია“, ჯამში 7 ათას კვ.მ–ზე მეტს ფლობს.
ყველაზე სოლიდური ტერიტორია, სახელმწიფოსთან გარიგებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბანკს, მცხეთაში, მუხათწყაროს მიმდებარედ გადაეცა. 3,45 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ორი მხრიდან ტყე ესაზღვრება.
რა პირობებით გადაეცა „ქართუს“ ნაკვეთები და იგეგმება თუ არა ამ ტერიტორიებზე რაიმე ინვესტიციის განხორციელება, ამ კითხვით „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ჩხეტიანს დავუკავშირდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩხეტიანი საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, დღემდე ბანკ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, კითხვის მოსმენის შემდეგ მხოლოდ ის გვითხრა, რომ მარტო ფონდ „ქართუსთან“ დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს.
„სამხრეთის კარიბჭე“ „ქართუ“ ბანკს ოფიციალურ ვებსაიტზე მითითებულ ნომერზეც დაუკავშირდა. ბანკში შეგვპირდნენ, რომ ჩვენს კითხვებს მოგვიანებით უპასუხებენ. „ქართუს“ პოზიციას რედაქცია მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.