ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან და ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან მარტვილში, სენაკსა და ხობში სასწრაფოს რაიონული შენობები გახსნა.
უწყების ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
“მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. სენაკში, მარტვილსა და ხობში ჩვენ გავხსენით სასწრაფოს სრულიად ახალ შენობები. დღეიდან სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
„ამ დრომდე, სოფელ დიდი ჭყონის, ხობისა და სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ძველ შენობებში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა.
რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 22 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 31 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.