ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში საკარანტინე რეჟიმის გაუქმების თარიღი შეიცვალა და 6 ივლისის ნაცვლად, სოფელი დღეიდან გაიხსნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა, სოფელი მუშევანი ერთადერთი დასახლება იყო რეგიონში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღემდე მოქმედებდა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქვემო ქართლში „კოვიდ19“-ის გავრცელების მასშტაბები იყო ყველაზე დიდი. სამწუხაროდ, სრულად დადასტურებული იყო 290 ფაქტი კოვიდინფიცირების. დღეისათვის გამოჯანმრთელებულია 282 ადამიანი, 4 აგრძელებს მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 4 ხანდაზმული ადამიანი. დღემდე შენარჩუნებული იყო საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში. გვაქვს სასიხარულო ამბავი, სოფელში, სადაც 81 დადასტურებული ფაქტი იყო, დღეს სრულად არის ყველა გამოჯანმრთელებული და იხსნება შეზღუდვის რეგულაციები. ქვემო ქართლში, დღეს ჩვენ არსად აღარ გვრჩება შეზღუდვები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები და შევინარჩუნოთ ეს სტაბილურობა“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი 25 აპრილიდან მოქმედებდა.