დავით უსუფაშვილი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვგეგმავთ

936

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „შენების მოძრაობა“ დაიწყო და მისი პოლიტიკური გუნდი სამწლიან პოლიტიკურ ციკლს წარმატებით გაივლის.

დავით უსუფაშვილმა დღეს, საზოგადოებას ადგილობრივი არჩევნებისთვის „შენების მოძრაობის“ კანდიდატები წარუდგინა.

უსუფაშვილის თქმით, მის გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება აქვს დაგეგმილი, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სერიოზული პრეტენზია ექნება.

„ფორმირების პროცესში მყოფი გუნდით ადგილობრივ არჩევნებზე სერიოზულ სიტყვას ვიტყვით როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში. მალე ის ადამიანები შემოგვიერთდებიან, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან. ესენი არიან – კახა გოგოლაშვილი, ტატო ზარანდია, ანდრო დადიანი, გიორგი ბალიაშვილი. 

ეს ის ხალხია, ვინც თბილისის არჩევნებში სხვადასხვა სტატუსით წარდგება. ჩვენ ამ არჩევნებში შენების მოძრაობას წარმოვადგენთ, როგორც მძლავრ ძალას“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის ცნობით, „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდიატი თენგო შერგელაშვილი იქნება, რომელიც მისი შეფასებით, საუკეთესო პროფესიონალია.

„თენგომ უკვე მოასწრო და მას მენეჯმენტში 20 წლის სტაჟი აქვს. ეს ადამიანი თვითმართველობის რეფორმის ერთ-ერთი შემოქმედია, რომელიც სამწუხაროდ, ხელისუფლებამ უკან შეატრიალა. ამ გუნდით ხალხს ვპირდებით, რომ  გზას მაღალი რანგის პროფესიონალებს გავუხსნით. ჩვენს ქვეყანას პროფესიონალები სჭირდება და ჩვენი გუნდი სწორედ ასეთ პროფესიონალებს წარადგენს“, – დასძენს უსუფაშვილი.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი