ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თემურ კახიძე პარტია „ევროპული საქართველოს” აჭარის ორგანიზაციას შეუერთდა. შესაბამისი განცხადება მან პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან ერთად გააკეთა.
„მე ვერ ვხედავ „ქართულ ოცნებაში” ვერანაირ რესურსს, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან. მე ვტოვებ თანამდებობასაც, იურიდიული კომისიის თავმჯდომარეობას. რატომ წავედი? „ევროპული საქართველო“ ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც ვხედავ დიდ შესაძლებლობებს, არიან პროფესიონალები და შეუძლიათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.
მე არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცით ვაჭრობს. მე მომავალზე არც მისაუბრია მათთან. ჩემთვის მთავარი იყო დინამიკა და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე ვიყავი პასიურ მდგომარეობაში და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ არ ვეთანხმებოდი მათ“, – განაცხადა თემურ კახიძემ.
„მთელი „ქართული ოცნება” აწრიალდა, ღრიალებდა და წრიალებდა, მაგრამ რომ ნახეს თემურის გადაწყვეტილება იყო მყარი, დილით დაასწრეს და გარიცხეს პარტიიდან. ეს კიდევ ერათხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ იმყოფება დაისში და განწირულია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ამ ბრიფინგამდე “ქართული ოცნების” აჭარის ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კახიძე პარტიიდან „მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის” გამო გაირიცხა.