ახალციხის მოსახლეობა 3 თვის დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდება

624

დღეს, 30 ივნისს ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის მარტის, აპრილის და მაისის დასუფთავების გადასახადისგან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები გათავისუფლდებიან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეშვიდე სხდომას 30 დეპუტატიდან მხოლოდ 24 ესწრებოდა. დეპუტატებმა საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს. კრებაზე არ იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში 11 500 ფიზიკური და 454 იურიდიული პირი პანდემიის გამო, სამი თვის, მარტის, აპრილის და მაისის თვის ნაგვის მოსაკრებლისგან გათავისუფლდება.

იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ აღნიშნული თვეების გადასახადი, თანხა დანარჩენ თვეებზე გადაუნაწილდებათ. ვისაც არ სურს სუბსიდიით სარგებლობა, მერიას განცხადებით უნდა მიმართოს.

სამი თვის თანხა ფიზიკურ პირებზე დაახლოებით 7 500 ლარს, ხოლო იურიდიულებზე 21 000 ლარს შეადგენს.