ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსად ზურაბ მარგველაშვილი ბრუნდება

960

ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსად ზურაბ მარგველაშვილი ინიშნება. მარგველაშვილი ამ პოზიციაზე ერთხელ უკვე მუშაობდა. ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ მან პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 2014 წელს დატოვა, რის შემდეგაც საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი გიორგაძის განცხადებით, ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი ზურაბ მარგველაშვილი მონაწილეობდა. მისივე თქმით,  მან კომისიის მოთხოვნები დააკმაყოფილა და გაიმარჯვა.

მარგველაშვილის დანიშვნის ბრძანებას მერის მოვალეობის შემსრულებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ 5 დღის ვადაში მოაწერს ხელს.

მერიაში კონკურსი კიდევ ორ ვაკანტურ პოზიციაზეა გამოცხადებული.  კანდიდატურების შერჩევა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის და ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეკორიის უფროსის სპეციალისტის პოსტზე მოხდება.

თანამდებობის დასაკავებლად დოკუმენტაციის მიღება მიმდინარეობს და 28 ივნისს დასრულდება.