ბათუმის მერიის ინფორმაციით, გუდიაშვილის ქუჩაზე უკვე განხორციელდა სანიაღვრე მილებისა და განათების სისტემის მოწყობა, ბაზალტის ბორდიურებისა და სანიაღვრე ჭების მონტაჟი, ასევე დეკორატიული ფილების დაგება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
“გუდიაშვილის ქუჩაზე რეაბილიტაცია ათწლეულია არ განხორციელებულა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად ვახორციელებთ, ეს არის გზის საფარის რეაბილიტაცია თუ წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა.
თავად გუდიაშვილის ქუჩაზე სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. უკვე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, რის შემდეგაც დავიწყებთ საგზაო ნიშნების მოწყობასა და ახალი სტადიონის ირგვლივ გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობას,” – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
აღნიშნული პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 935 ათასი ლარი გამოიყო.