პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც დაამტკიცებს.
როგორც თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება პირობას ასრულებს და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
„დღეიდან ჩვენ უკვე მუშაობას ვიწყებთ საარჩევნო კოდექსზე და უახლოესი 10 დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი, ასევე, მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეფუძნება ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს. ამით, ხელისუფლება სრულად შეასრულებს დადებულ პირობას და უზრუნველყოფს დემოკრატიულ, გამჭვირვალე და თავისუფალ საარჩევნო გარემოს, ისევე, როგორც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივულოცო ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება,“- აღნიშნა თალაკვაძემ.
117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.
კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ბარიერი იქნება 1%-იანი.
აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიპლომატების შუამავლობით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 8 მარტს მიაღწიეს.