რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხარაგაულის სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღის შენობა საფრთხის წინაშე დააყენა

563

რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხარაგაულის სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღის შენობა საფრთხის წინაშე დააყენა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ბაღის გამგე ნინო ჭუბაბრია ამბობს, რომ შენობის მოპირდაპირე მხარეს მთაში გვირაბი უნდა გაიჭრას. სამშენებლო სამუშაოების გამო მდინარე ძირულას კალაპოტმა შენობისკენ გადმოიწია.

„მდინარე ძირულას ძლიერი ადიდება ახასიათებს და, შესაძლოა, ბაღის შენობას საძირკველი გამოაცალოს, – ამბობს ნინო ჭუბაბრია, – 1986 წელს აშენებული ბაღის შენობა ავარიულია, სრული რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებია.

ძირულას ხეობაში მხოლოდ ხუნევის საბავშვო ბაღია განთავსებული მოძველებულ შენობაში. ამჟამად 15 აღსაზრდელი გვყავს. ახალი სასწავლო წლიდან კიდევ ხუთს ველოდებით“.

ნინო ჭუბაბრიამ ხუნევის თემის მაჟორიტარ დეპუტატს, ლენა აბაშიძეს მიმართა.

– შენობის უკანა მხრიდან, გარდა მდინარე ძირულას წყალმოვარდნისა, ქვეწარმავლების შესვლის საფრთხეა, – ამბობს ლენა აბაშიძე, – უახლოეს დღეებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადებას შევიტანთ ხუნევში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აშენების მოთხოვნით.