ყოფილი მაღალჩინოსანი კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობას აგრძელებს – ახალციხის მერია საქმეს ჯერ ისევ სწავლობს

1057

ახალციხის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობას ახალციხის მერია სამ თვეზე მეტია სწავლობს. მოკვლევის პარალელურად კი მშენებლობა გრძელდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხის მერიის მოწოდებული ინფორმაციით, საქმის წარმოება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლით მიმდინარეობს. სხვა განმარტებებს მერიაში არ აკეთებენ, ასევე უცნობია 25-ე მუხლის რომელი ნაწილით მიმდინარეობს მოკვლევა.

„სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხის მერიას 3 თვის წინ დაწყებული მოკვლევის შესახებ კითხვებით წერილობით მიმართა.

უნდა აგრძელებდეს თუ არა საქმის წარმოების პარალელურად, მამუკა მიქელაძის კომპანია მშენებლობას, მუნიციპალიტეტმა კითხვა უპასუხოდ დატოვა, წერილის პასუხად უწყებიდან მხოლოდ ის გვაცნობეს, რომ პროცედურები კვლავ გრძელდება.

„განცხადებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე დაწყებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება“.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” მიქელაძის კანონდარღვევით დაწყებული მშენებლობის შესახებ ინფორმაცია 10 აპრილს გაავრცელა, კვლევის თანახმად, მიქელაძის უკანონოდ აშენებული ბენზინგასამართი სადგური სამ მიწის ნაკვეთს ფარავს, რომელთაგან ერთი (34 კვ.მ) ეკუთვნის მამუკა მიქელაძეს, (მაღალჩინოსანმა ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა იქამდე დაიწყო, სანამ ახალციხის მერია ნებართვას მისცემდა).

მეორე ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება იყო, რომელიც ორგანიზაციის კვლევის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში ქონების სააგენტომ აუქციონზე გაიტანა და მიქელაძის ბიზნესპარტნიორმა, იმედა მუმლაძემ შეიძინა.

მესამე კი სადავო ტერიტორიაა, რომელზეც გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, რადგან მიქელაძემ ეს ნაკვეთი მაშინ გადაიფორმა, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საკუთრების უფლების აღიარების კომისიას” ხელმძღვანელობდა. ამჟამად ტერიტორიას ყადაღა ადევს.

სადავო მიწის ნაკვეთზე, მამუკა მიქელაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 2017 წელს აღიძრა და დღემდე გრძელდება.

17 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, გამოძიება კვლავ იმავე, სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.

საჯარო რეესტრის ელექტრონულ პორტალზე „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ნაკვეთთან დაკავშირებით ირკვევა, რომ 2018 წლის 23 იანვარს მიქელაძემ რეესტრს საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადებით მიმართა, რაზეც უწყებისგან უარი მიიღო, რადგან მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს.

„სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა მამუკა მიქელაძესთან დაკავშირებას, თუმცა სატელეფონო ზარებს მან არც ამჯერად უპასუხა.