სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ
ავტორი: თაკო ფეიქრიშვილი
დაბა აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული შენობები ნგრევის პირასაა, მისი მეპატრონეები ამბობენ, რომ შეკეთების უფლება არ აქვთ. ადგილობრივები ჩივიან, რომ უკვე წლებია უყურადღებოდ დარჩნენ და ნებართვა სახლების რეაბილიტაციის თაობაზე ვერავისგან მიიღეს.
დაბა აბასთუმნის მთავარ, ცენტრალურ ქუჩაზე არსებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა, თუმცა ცენტრალური ქუჩის მიღმა კუტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული შენობები ყურადღების მიღმა დარჩა.
ევგენია კაზაროვა რუსთაველის N24-ის პირველ სართულზე უკვე 45 წელია ცხოვრობს. ამბობს, რომ ბინის ერთი, ხის კედელი დაზიანდა და გამოინგრა. ავდრის დროს სახლში წვიმა ასხამს. ამ ბინიდან დაახლოებით 50 მეტრში კი ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, შესაბამისად, კარაპეტიანების ეზოზე ყოველდღიურად სატვირთო მანქანები და ტექნიკა მოძრაობს, რის გამოც საცხოვრებლის ერთი კედელი მთლიანად დაიბზარა.
ბინის მეპატრონეებს შეკეთების უფლება არ აქვთ, რადგან ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული: „დიდი მანქანები რომ დადიან ინგრევა, სამი პატარა ბავშვი აქ არის, 4 ბავშვი ზედა სართულზე, მეშინია, რომ არ ჩამოინგრეს. ნელ-ნელა მატულობს და უფრო მეტად ინგრევა. კულტურული მემკვიდრეობაა და არ შეგიძლიათ ხელის შეხებაო. ნებართვა მაინც მოგვცენ, რომ ჩვენი ძალებით აღვადგინოთ. რადგან ისტორიული თქვეს, აღარ მოვკიდეთ ხელი, ჯარიმა არ გვინდა“.
აქ მცხოვრებლები იხსენებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული შენობების თვითნებურად შეკეთების გამო, ადგილობრივი 5 000 ლარით დააჯარიმეს. ამიტომ ევგენია კარაპეტიანებმა სახლში შეკეთების მოთხოვნით ადიგენის თვითმმართველობას განცხადებით მიმართა: „პირველად ადიგენში დავწერე განცხადება, შემდეგ ჩვენი აბასთუმნის გამგეობიდან მოვიდნენ. რწმუნებული იყო მოსული, დაურეკა ვიღაცას თვითონ სთხოვა, რომ რამენაირად დავამაგროთ რომ არ ჩამინგრესო, მაგრამ არავინ მოვიდა. უკვე ათი დღე იქნება ამ ამბის მერე“.
მსგავსი მდგომარეობაშია ამავე ბინაში მცხოვრები რუსუდან ნარიმანიშვილი. მისი თქმით, ბინის ერთი კედელი დაიბზარა და ინგრევა, მაგრამ შეკეთებას არავინ ფიქრობს: „იმ დღეს გამგებლის მოადგილე იყო მოსული, ვუთხარი და ეს ისტორიულ ძეგლებში შედისო, სახელმწიფოს ეკუთვნისო. თუ სხვისთვის კეთდება ეს ისტორიული სახლები, ჩვენთვის რატომ არ კეთდება?! გვერდით ბინაც ასე ინგრევა. ზოგი კედელი მიწამ დაფარა უკვე ნახევარზე, მეორე კედლიდან წყალი ჩამომდის. ვის ვუთხრათ, ვის მივმართოთ არ ვიცით“, – ამბობს რუსუდან ნარიმანიშვილი.
რუსთველის ქუჩის N22-ში სულ სამი ბინაა განთავსებული, მათგან ერთში ერთი ოთახი უკვე დაინგრა. ახლა მთელს ბინაში მხოლოდ ერთი მაცხოვრებელია – ასია ამბარიანი, რომელსაც აბანოს გაკეთება უნდა ბინაში და ამბობს, რომ ნებართვა არ აქვს: „ვუთხარი აბანოს გაკეთება მინდა-მეთქი და ნებას არ მრთავენ. მე, ჩემით ავაშენებ ახლა და არ ვიცი როგორ იქნება, დავბერდით 65 წელია აქა ვართ და არაფრის გაკეთების უფლება არ გვაქვს. ამ ბინიდან ერთი ოჯახი წასულია ბათუმში, ერთს უკვე დაენგრა ბინა და ახალციხეში ცხოვრობს, აქ არ მოდის. მარტო მე დავრჩი“.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რუსთაველის ქუჩაზე არსებული ათი საცხოვრებელი სახლი 2010 წლის 10 ივნისს შევიდა. ესენია: N15, N18, N19, N 21, N22, N24, N26, N27, N29, N33.
დაბა აბასთუმნის რწმუნებული ვასო მეგენეიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივებმა სახლების შეკეთებისთვის ძეგლთადაცვის სააგნეტოს უნდა მიმართონ: „მე რაში უნდა დავეხმარო, ეგ ჩემზე დამოკიდებული არაა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უნდა მიმართონ“.
როგორც სააგენტოში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავენ, ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების შეკეთება საკუთარი ინიციტივით შეუძლიათ, თუმცა მანამდე აუცილებელია შესაბამისი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში წარადგინონ: „თუ ვინმეს აქვს იდეა, რომ თავისი ინიციატივით განახორციელოს სარეაბილიტაციო პროექტი ანუ სარემონტო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ჩვენი სააგენტოს სანებართვო სამსახური საბჭოზე განხილვის საფუძველზე ითანხმებს ნებისმიერი ტიპის პროექტს და გასცემს სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვას. არც მესაკუთრე, არც საზოგადოების რომელიმე ჯგუფი, რომელსაც აქვს ინიციატივა სარეაბილიტაციო ქმედებების, არ არის შეზღუდული კანონით იმისთვის, რომ მათ დამოუკიდებლად იმოქმედონ, მაგრამ დასაცავია სუბორდინაცია“, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე თქმით, თუკი მეპატრონე შესაბამის პროექტს საგენტოს არ წარუდგენს მას თვითნებური ქმედების გამო, ადმინისტრაციული ან სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება: „განცხადება, პროექტი და სათანადო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. ამ შემთხვევაში საჭიროა ესკიზური პროექტი მაინც შეგვითანხმოს და აიღოს ნებართვა. თორე არის რისკი იმისა, რომ ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ მოყვეს და დაჯარიმდეს“.
სააგენტოს ინფორმაციით, დაბა აბასთუმანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს და უკვე რეაბილიტირებული 18 საცხოვრებლის გარდა, იგეგმება სხვა ბინების რეაბილიტაციაც. თუმცა ეს როდის მოხდება, ამ ეტაპზე უცნობია: „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული სახლების რეაბილიტაციის ერთი ეტაპი უკვე განხორციელებულია და ეს პროექტი გრძელდება, მაგრამ აქვს თავისი ეტაპები, ვადები და ა.შ“.