საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული რეკომენდაციების შემსუბუქების მიუხედავად, რუსთავის საკრებულო აგრძელებს საკითხების დახურულ სხდომებზე განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
ამავე მიზეზით, დღევანდელი, 23 ივნისის, სხდომაც საგანგებო რეჟიმში ჩატარდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ არსებობს საკრებულოს შესაბამისი ოფიციალური გადაწყვეტილება და დასაბუთება.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილმა, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის გამო ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ შეკრებას უძღვებოდა, სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკითხების დახურულ რეჟიმში განხილვის შესახებ გადაწყვეტილება ამჯერად თავად, ერთპიროვნულად, მიიღო და საბუთად ეპიდემიოლოგების განცხადებები მოიყვანა.
„დადგენილება და კანონი არაფერ შუაშია. შესაბამის რეკომენდაციებს ყოველდღე ვისმენ ეპიდემიოლოგებისგან, რომ [ეპიდემიის] ახალ ეტაპს ველოდებით… სხვადასხვა ქვეყანაში ხომ მოხდა [კორონავირუსის ახალი აფეთქება]?. ტელევიზორს არ უყურებთ? გამოდის გამყრელიძე, სხვა ეპიდემიოლოგები, [ეპიდემიის] ახალ ეტაპს ველოდებით და თავს გაუფრთხილდითო. მთელ მსოფლიოშია პანდემია. მე არ მინდა, საკრებულოს წევრები 15 დღით ისევ მოხვდნენ კარანტინში, თორემ დასამალი არაფერი გვაქვს, აქ არის პოზიციაც, ოპოზიციაც“, – თქვა დავით რეხვიაშვილმა. მან დასძინა, რომ საკრებულოს არც იმის საშუალება აქვს, ჟურნალისტებს სხდომის წინ ტესტირება უტაროს, რადგან თერმოსკრინინგი საკმარისი არ არის.
„საგანგებო მდგომარეობა თუ გაუქმდა, რატომ კრძალავენ, მაგალითად, ტაქსიში მძღოლის გვერდით მგზავრის ჯდომას? 15 დღე რომ არ გავუფრთხილდით ერთმანეთს, ამიტომ ვიყავით კარანტინში“, – თქვა რეხვიაშვილმა, რომელმაც იგულისხმა მიმდინარე წლის მარტში მომხდარი ფაქტი, როცა რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი COVID-19-ით დაავადდა და ამის გამო საკრებულოს წევრები ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.