საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დუშეთის მუნიციპალიტეტში, როშკა-არხოტის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ხელახალი ტედნერი გამოაცხადა.
ტენდერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე: http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3805
სამინისტროს ინფორმაციით, როშკა-არხოტის გზის თავდაპირველ ტენდერზე გამარჯვებულმა კომპანიამ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. მათივე ცნობით, ფონდის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კონტრატორმა კომპანიამ მდგომარეობის გამოსწორება ვერ შეძლო და ფონდი იძულებული გახდა მასთან ხელშეკრულება გაეწყვიტა.
“სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, არხოტის უღელტეხილზე გადადის და მდინარე ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა. პროექტის ფარგლებში კი, უკვე გაიჭრა 6 მეტრი სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა და შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება. მეორე ფაზით გზაზე დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.
გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს. სტრატეგიული დატვირთვის გარდა, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს გზა ხელს შეუწყობს მხარეში ადგილობრივების დაბრუნებას და ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის ზრდას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.