რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოქცეული ხევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგება ჯერ არ დაწყებულა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის მშენებელ კომპანიას საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სავარაუდოდ, ერთ თვეში შეარჩევს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხევში საბავშვო ბაღის, საზოგადოებრივი ცენტრისა და ამბულატორიისთვის ახალი შენობების ასაგებად 2 150 კვმ მიწის ფართობი, 30 ათას ლარად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა კერძო პირისგან შეისყიდა. იმ ტერიტორიაზე ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
ხევის საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ამჟამინდელ შენობაში იმ დრომდე გააგრძელებს, სანამ ახალი შენობა არ აიგება, – გვიპასუხეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.