რუსთავში კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია სრულდება

374

რუსთავში, დასასრულს უახლოვდება ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური პროექტის – კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა
პირველი ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად.

“მეორე პროექტით კი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე ქსელი”,- განაცხადა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.

ასევე მერის თქმით შუაგამყოფ ზოლში მოეწყო რეკრეაციული სივრცე, სადაც ქალაქის მერიამ, დამატებით უნგრული ცაცხვის ხეებიც დარგო.

,,ჯი აი ზეტ”-თან ერთად შემუშავებული პროექტის მიხედვით დაგეგმილია ველობილიკების მოწყობაც.

პროექტის დასრულებამდე დაიხაზება საპარკინგე ზონები და გადასასვლელები. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, მთლიანად რეაბილიტირებული იქნება. შუაგამყოფ ზოლში მოწყობილი სკვერი, კი კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს შემატებს ქალაქს.

წლის ბოლომდე, რუსთავში ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, 22 მლნ 531,183.ათასი ლარის პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.