ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერს, რომლის მოწყობისთვის 7 თვის წინ, 90 000 ლარი დაიხარჯა, ისევ რეაბილიტაცია სჭირდება

595

ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერს, რომლის მოწყობისთვის 7 თვის წინ, 90 000 ლარი დაიხარჯა, ისევ რეაბილიტაცია სჭირდება. დაზიანებულია სკამები, ატრაქციონები, ელექტროსადენები და გარე განათება, ბიუეტში კი წყალი არ მოდის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

ახალციხეში კოსტავს ქუჩის N165 და N179 კორპუსებს შორის სკვერი ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გლობალ სტანდარტმშენმა“ გააკეთა. სამუშაოებისთვის 88 781 ლარი დაიხარჯა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, დაზიანებულია სკამები, კაბელები კი, რითაც გარე განათებას ელექტროენერგია მიეწოდება ზემოდან ყრია.

„მაინტერესებს ასეთი სამარცხვინო პროექტი ვინ შეადგინა აქ 500–მდე ბავშვი ცხოვრობს და ნორმალური საქანელებიც არ არის, ერთი საქანელა დადგეს და ისიც დაცული არ არის. არც საკმების ხარისხი ვარგა გატყდა, შეიძლება ბავშვებისგანაც დაზიანდა მაგრამ უხარისხოა და იმიტომ“,– გვეუბნება ერთ–ერთი ადგილობრივი.

მათი თქმით, გარდა ამისა, სკვერის გახსნიდან ერთ თვეში გარე განათების სისტემა მწყობიდან გამოვიდა. წყლის ბიუეტს კი თავის ფუნქცია ამ დრომდე არ შეუსრულებია.

„ერთი თვე იმუშავა განათებამ და გაითიშა. სკვერში დადგეს წყლის ბიუეტი და რათ გვინდა, წყალი არ მოდის. მუშებმა თქვეს არ დაგვაერთებინეს ცენტრალურ ტრასაზე, ასე გვითხრეს მთავრობაში ფულს ვინ გადაიხდის მერეო. მაშინ რატომ დადგეს?! რაში ხარჯავენ ფულს?!“ ,– კითხულობს კოსტავას N179–ში მცხოვრები.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის გარდა, სკვერში დღემდეა დაუსრულებელი სამუშაოებიც.

„ფილები ბოლომდე არ არის დაგებული, ასევე განათების ბოძებთან კაბელები ზემოდან ყრია და საშიშია. ბავშვებს ვაფრთხილებთ, რომ არ მიუახლოვდნენ“ – ამბობენ 179–ში მცხოვრებლები.

გარდა სკვერისა, კოსტავას ქუჩაზე ადგილობრივებს სტადიონზე განათების პრობლემაც აწუხებთ.

„კარგია, რომ ეს სტადიონი გაკეთდა, მაგრამ უკვე ერთი თვეა ყველა ნათურა ციმციმებს, შეუძლებელია დაძინება ისეთი სიტუაციაა. აქამდე ჩვეულებრივად მუშაობდა, იქნებ ამ პრობლემასაც მიხედონ და მოაგვარონ“,–ამბობს კოსტავას N193-ში მცხოვრები მერი გვირჯიშვილი.

დაზიანებულ განათებაზე წუხს თითქმის ყველა მცხოვრები.

„მუქ ფარდებს ვაფარებთ რომ დავიძინოთ, ძალიან ციმციმებს სტადიონის ნათურები. ღამე დაძინება შეუძლებლია“,– ამბობს კოსტავს N173–ში მცხოვრები.

ხელშეკრულების თანახმად, შპს „გლობალ სტანდარტმშენი“ ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში სკვერში არსებული ხარვეზები გამოასწოროს.

„საგარანტიო ვადის პირობებში მშენებლი კომპანია უახლოეს ვადებში წყლის ბიუეტის და განათების პრობლემას მოაგვარებს“,-განაცხადეს მერიაში.

რაც შეეხება სტადიონს, თვითმმართველობაში განმარტეს, რომ მათი თანამშრომლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე და განათების პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

„ერთი თვე არ იქნება რაც დაზიანებულია განათება, 10 დღის წინაც გამოცვალეს ლამპიონი. ავიდნენ შეამოწმეს და ბურთია მოხვედრილი აუცილებლად შეცვლიან“,-გვითხრეს მერაში.