პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილება, ის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ყველა ელოდა. ამ თემაზე კომენატარი მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილება არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი.
„პირველ რიგში, მინდა ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ყველა ველოდით და არაერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, ცვლილებები დაიწყოს, გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული და ისეთი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე, ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის განზომილებას ეპიდემიასთან ბრძოლაში, ჯანმრთელობისა და ეკონომიკის გარდა, უკვე პოლიტიკაც ემატება.
136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.
ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. ცვლილებებს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონპროექტს მხარი “ევროპულამ საქართველომაც” დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო “ნაციონალურ მოძრაობამ”. კენჭირსყრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭრდნენ: ემზარ კვიციანი, ნატო ჩხეიძე, ბიძინა გეგიძე, დავით ჭიჭინაძე და ალექსანდრე ერქვანია. ასევე, ცნობილი იყო, რომ უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.