კობახიძე: მნიშვნელობა არ აქვს, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა რომელიმე რადიკალური პარტია, საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს

483

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მხარდაჭერილი და საქართველოში არჩევნები ისეთი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რომელზეც თანხმდება პრინციპულად სრულიად პოლიტიკური სპექტრი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს 116 დეპუტატის მყარი მხარდაჭერა, შესაბამისად, არავითარი საფრთხის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები.

„მნიშვნელობა არ აქვს, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა რომელიმე რადიკალური პოლიტიკური პარტია. ეს არის მათი გადაწყვეტილება, ჩვენ ჩვენი გზა და არჩევანი გვაქვს. ისინი უშვებენ შეცდომას შეცდომაზე, იძულებული იყვნენ, რომ პირველი მოსმენის დროს მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რადგან იყო ელჩების ზეწოლა მათზე. ნახეთ, ელჩების ღია განცხადებები. არ გამოვრიცხავ, რომ მათ მოუწიოთ მეორე და მესამე მოსმენის დროს კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა ეს საბოლოო ჯამში მათი არჩევანია. საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მხარდაჭერილი და საქართველოში არჩევნები ისეთი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რომელზეც თანხმდება პრინციპულად სრულიად პოლიტიკური სპექტრი. ეს არის მთავარი და არა ის, ვინ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმაც, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.