მარნეულის სოფელ საბირქენდის N1 სკოლის მშენებლობისათვის 7 343 779 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

1112

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის შენობაში მოსწავლეები 2018 წლის სასწავლო წლის დაწყების შემდგომ არ შესულან. შენობა ამორტიზირებულია, რის გამოც მასში სასწავლო პროცესის შეჩერება გახდა საჭირო. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სკოლის მშენებლობის სამუშაოების განხორციელებისათვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდამ 7 343 779 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საჯარო სკოლის შენობა გათვლილი უნდა იყოს 450 მოსწავლეზე და უნდა მოიცავდეს შემდეგ სივრცეებს:

24 საკლასო ოთახი, 4 კაბინეტი ლაბორატორიებით; დირექტორის და მოადგილის კაბინეტი მოსაცდელით; კანცელარია, ბუღალტერია-არქივით; სამასწავლებლო; ექიმის კაბინეტი; მანდატურის/დაცვის ოთახი; დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით; საწყობი სასკოლო ინვენტარისათვის; სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის;
ბიბლიოთეკა: სამკითხველო წიგნების საცავითა და კომპიუტერული კუთხით;
სააქტო დარბაზი (დარბაზი, სცენა, გასახდელები), კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი;
სარეკრეაციო სივრცე; ფოიე გარდერობით, დერეფანი.

სასურველია სარდაფის ან ნახევარსარდაფის არსებობა. სპორტული დარბაზი რომელსაც უნდა დაეთმოს შენობის I სართულზე სპეციალურად მიშენებული ფართი. დარბაზთან უნდა არსებობდეს სპორტული ინვენტარის სათავსი, ბიჭებისა და გოგონებისათვის ცალ-ცალკე გასახდელი, საშხაპე. ინსტრუქტორის ოთახი საშხაპით და სან-კვანძით. ღია ხელოვნურ საფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი;

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მშენებლობისათვის ტენდერი 5 ივნისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 9-დან 14 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სკოლის სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის განმავლობაშ უნდა შეასრულოს. მათ შორის, კომპანიას საპროექტო მომსახურეობის მიწოდებისათვის ექვსი, ხოლო სამშენებლო სამუშაოებისათვის 18 თვე ექნება.

საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სკოლის აშენებამდე სოფელ ალგეთის საჯარო სკოლის შენობაში სწავლობენ.