რუსთავში ევროსტანდარტების შესაბამისი, 40 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რომელიც დღეს არსებულ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჩაანაცვლებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს.
რუსთავის მერიის ცნობით, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის 2020 -ის ფარგლებში გამართულ ონლაინ კონფერენციას – „სუფთა ენერგია, სიმწვანის აღდგენა და ზრდა“ დაესწრო.
ირაკლი ტაბაღუამ ხელი მოაწერა ახალ ინიციატივას, რომელიც „მერების შეთანხმების“ 2030 წლამდე გახანგრძლივებას და მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების შემარბილებელი ღონისძიებების ახალი გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს.
ონლაინ შეხვედრაში, საქართველოდან მონაწილეობა რუსთავის მერთან ერთად, „ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოს“ ხელმძღვანელმა და მერების შეთანხმების ოფიციალურმა მხარდამჭერმა, ექსპერტმა გიორგი აბულაშვილმაც მიიღო.
„მერების შეთანხმებას“, რომელიც 2020 წლისთვის CO2-ის ემისიის 20 %-მდე შემცირებას ითვალისწინებდა, რუსთავი 2011 წელს შეუერთდა. მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმას, რუსთავისთვის ოთხი ძირითადი მიმართულება ჰქონდა: ტრანსპორტი, გარეგანათება, მუნიციპალური შენობები და გამწვანება. 2013 წლიდან დღემდე, რუსთავში, 35 000-ზე მეტი ახალი ხე-მცენარეა დარგული. დაგეგმილია იაღლუჯის ფერდობის გამწვანების პროექტის განხორციელება. გარე განათების ჩანაცვლება ხდება ენერგოეფექტური ლედ სანათებით.
“2013 წლიდან 2020 წლის თებერვლამდე, რუსთავში 7500 ენერგოეფექტური სანათი დამონტაჟდა. ქალაქის მასშტაბით, ძველი ნათურების ახალი, დიოდური სანათებით ჩანაცვლება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ამჟამად, ძველ რუსთავში, 1500 ენერგოეფექტური სანათი მონტაჟდება. გარეგანათების ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ახალ რუსთავშიც. ქალაქის მასშტაბით კი, ჯამში, ძველი ნათურები 3000 დიოდური სანათით შეიცვლება. გარეგანათების ქსელის რეაბილიტაცია ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც რუსთავის მერია, ენერგოეფექტურობის კუთხით, ქალაქში ახორციელებს.
მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის ფარგლებში, რუსთავში განხორციელდა პროექტი – „სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია, ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“. პროექტი „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“ და რუსთავის მერიამ ერთობლივად განახორციელეს. ენერგოეფექტურობის პრინციპის დაცვით მიმდინარეობს მე-8 მიკრორაიონში მდებარე 34-ე ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია და დაწყებულია ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესიც. უახლოეს მომავალში დაგეგმილია გათბობის სისტემის დამონტაჟება ქალაქის 15 საბავშვო ბაღში, სრული ენერგოეფექტური რეაბილიტაცია უტარდება 32-ე საბავშვო ბაღს.
„მერების შეთანხმებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებას რუსთავი ტრანსპორტის კუთხითაც შეასრულებს. ქალაქში, ევროსტანდარტების შესაბამისი, 40 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რომელიც დღეს არსებულ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჩაანაცვლებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს ქალაქში. ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით, ახალი ავტობუსები, დიზელზე იმუშავებენ და ევრო 5-ის ემისიის სტანდარტს დააკმაყოფილებენ“, – ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.