ხოშტარია, შავგულიძე, ვაშაძე, ნათელაშვილი – 4 პარტია ოპოზიციას 4 ოლქში კანდიდატებს სთავაზობს

403

ევროპული საქართველო, 3 სხვა პარტიასთან ერთად, ოპოზიციის მთელ სპექტრს თბილისის 4 ოლქში მაჟორიტარობის შემდეგ კანდიდატებს სთავაზობს:

  • ვაკე – ელენე ხოშტარია
  • მთაწმინდა – შალვა შავგულიძე
  • ისანი – გიორგი ვაშაძე
  • ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი

კანდიდატებზე ოპოზიციური პარტიები მსჯელობას აგრძლებენ. ლეიბორისტული პარტიის ოფისში ისინი უკვე შეიკრიბნენ.

“რატომ 4 კანდიდატი და არა – 6. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იყო, ექვსივე ადგილი გადაგვენაწილებინა მონაწილე პარტიებს შორის და შეგვევსო, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, ამომრჩეველს ჰქონდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი თბილისში, რომ გამოჩნდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ არის მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩეული კანდიდატები, ეს არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთიანობა ქართული ოცნების დასამარცხებლად.

2 ადგილი არ გავანაწილეთ, დავტოვეთ ღიად შეგნებულად, სპეციალური განზრახვით, ეს საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ კონსულტაციები როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათი ჩართვის მიზნით, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობად სახეებთან, არაპოლიტიკურ ფიგურებთან, იმისთვის, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთიანობის განცდა”, – თქვა დავით ბაქრაძემ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეხვედრის დაწყებამდე.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს 2 ოლქში პარტია თავად დაასახელებს.