გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ადიგენის მუნციპალიტეტის საკრებულომ კანონდარღვევით დაამტკიცა დაბა აბასთუმნის გენერალური და განაშენიანების გეგმა. კანონდარღვევით მიღებული დოკუმენტი კი, შემდეგში საფუძვლად დაედო შემოვლითი გზის პროექტის საჭიროების დასაბუთებას. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
აბასთუმნის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „გეოგრაფიკმა“ 238 000 ლარად 2020 წლის იანვარში მოამზადა. ამავე თვეში მიიღო ადიგენის საკრებულომ დასრულებული დოკუმენტი.
„შეიძლება რიგგარეშე საკრებულოს სხდომა ჩავნიშნოთ, თებერვლის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში გავიტანთ დასამტკიცებლად“, – განუმარტა იმ პერიოდში, საკრებულოს თავმჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა „სამხრეთის კარიბჭეს“.
საბოლოოდ, დოკუმეტი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აპრილს დაამტკიცა, გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ საკრებულომ კანონი დაარღვია, რადგან დოკუმენტს განხილვის ყველა სავალდებულო ეტაპი არ გაუვლია: „ასეთი სახით ამ გენგეგმის დამტკიცების უფლება ადიგენის საკრებულოს არ ჰქონდა, ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დამტკიცებამდე ასეთი ტიპის გეგმებმა უნდა გაიარონ ე.წ. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, რომელსაც თავისი პროცედურები აქვს, ჯერ უნდა შედგეს ეს დოკუმენტი, მერე გამოქვეყნდეს საჯაროდ, სპეციალსტებმა უნდა იმსჯელონ/შეაფასონ პროექტის ზეგავლენა ბუნებაზე, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე და ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი“, – აცხადებს ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.
მისივე თქმით, ამ ფაქტზე პროტესტი არ ჰქონიათ არც საკრებულოს ოპოზიციურ დეპუტატებს: „ეს აშკარა კანონდარღვევაა და სამწუხაროა ის, რომ საკრებულოს ოპოზიციური წევრები არ ასაჩივრებენ ამას სასამართლოში“.
აბასთუმნის განაშენიანების გეგმის მომზადებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ფონდმა „ქართუმ“ ბიძინა ივანიშვილის აბასთუმანში ორკვირიანი ვიზიტის შემდეგ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.
გარემოსდამცველი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის „ექსპერიმენტის“ გამართლებისთვის მთავრობა და სახელმწიფო უწყებები შეთანხმებულად მუშაობენ, თუმცა ამ პროცესშიც კი შეცდომები იპარება. მაჭარაშვილს მაგალითად ისევ ადიგენის საკრებულოს მიერ 7 აპრილს დამტკიცებული დოკუმეტი მოჰყავს, რომელის ჯერ კიდევ დამტკიცებამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 6 მარტს გამოცემულ ბრძანებას, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის დასაბუთებას საფუძვლად დაუდო.
„პროექტში უნდა დასაბუთდეს, რამდენად არის ამისი [შემოვლითი გზის] საჭიროება და მთელი ეს საჭიროების დასაბუთება მინისტრის ბრძანებაში ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ თითქოს არსებობს აბასთუმნის განაშენიანების გეგმა და გენერალური გეგმა და ამ გეგმაშია ნათქვამი, რომ ეს გზა საჭიროა. მაგრამ ეს გეგმა დამტკიცდა 7 აპრილს და მინისტრმა ბრძანება გამოსცა 6 მარტს. ანუ იმ მომენტში, როდესაც მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას და ეყრდნობოდა, რომ გენგეგმა დამტკიცებულია, გენგეგმა დამტკიცებული არ იყო. ანუ მინისტრის ბრძანება ბათილად უნდა იქნას ცნობილი მარტო ამ მიზეზითაც, რომ ეყრდნობა არასწორ იურიდიულ დოკუმენტს“, – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.
2020 წლის 21 აპრილს მწვანე ალტერნატივამ სარჩელი წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 6 მარტის #2-208 ბრძანების ბათილად ცნობა.