საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ახმეტაში, წყლის სისტემის მშენებლობის ფარგლებში, ახალი ქსელის მოწყობა და ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის, ქალაქის ძველი, ამორტიზებული სისტემიდან ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ახმეტის მოსახლეობის 40 % წყალმომარაგების ახალი სისტემით სარგებლობს. დარჩენილ ქუჩებზე გადართვით სამუშაოები აქტიურად გრძელდება და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
“სამუშაოების შედეგად, ქალაქი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მას შემდეგ, რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შეასრულა ვალდებულება და ქსელი მოსახლეობის ეზოებამდე და კორპუსების სადარბაზოებში მოაწყო, შიდა ქსელის მოწესრიგება აბონენტებმა უნდა უზრუნველყონ. ახმეტის წყლის სისტემის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი საქლორატორო, ასევე მოეწყო წყლის გამანაწილებელი ქსელი და დაერთების კვანძები. სამუშაოებს 8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.