დუშეთის რეაბილიტაცია წელსაც ვერ მოესწრება – ინვესტორები პროექტის დასრულებას ელოდებიან

719

დუშეთის რეაბილიტაცია, რომელიც 2018 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამჟამად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახალი კონტრაქტორი კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს. ამის შესახებ სტატიას კომერსანტი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დუშეთის ისტორიული ქუჩებისა და სახლების რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიას ცოტა ხნის წინ ფონდის გადაწყვეტილებით შეუწყდა უფლებამოსილება, ჯერჯერობით ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ტენდერის მეშვეობით ახალი შემსრულებელი კონტრაქტორი ორ კვირაში აიღებს ვალდებულებას.

დუშეთის მერის ზურაბ სეხნიაშვილის განმარტებით, დუშეთის რეაბილიტაციის პროექტზე პასუხისმგებელი კომპანია უპასუხისმგებლოდ მოიქცა, თუმცა, ამჟამად უცნობია რამდენ ხანში შეძლებს ახალი კომპანია მის სისრულეში მოყვანას.

„პროექტის ფარგლებში ანანურის ეკლესია მოწესრიგდა, რომელზეც 800 000 ლარი დაიხარჯა. აქ მიმდინარეობდა ისტორიული უბნების აღდგენა, ასევე  42 სახლის რესტავრაცია. ერთი კომპანია ცოტა ხნის წინ დაითხოვეს, ორ კვირაში ახალი კომპანია შემოდის. 2018 წელს დაიწყო ეს რეაბილიტაციის პროექტი, წინა კომპანიამ ნაწილი დაამთავრა, თუმცა, მერე უპასუხისმგებლოდ  მოიქცა.მალე დასრულდება ამ მხარეში ინტერნეტიზაცია და ესაა პირველი, რითაც უნდა შევხვდეთ ტურიზმს, რომ ის ცივილიზებულ სამყაროს არ იყოს მოწყვეტილი. რეკომენდაციებსა და უსაფრთხოებას ჯანდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს,“- განმარტა დუშეთის მერმა.

მერის წარმომადგენელი ქალაქ დუშეთში შალვა ინაშვილი აღნიშნავს, რომ  დუშეთის რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესი წელს  ვერ დასრულდება.

„დახლოებით 2 კვირის ვადაში უნდა შემოვიდეს ახალი კომპანია. კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, როცა შეირჩევა  ეს კომპანია,  ოფიციალურად გავიგებთ ყველაფერს დასრულების ვადებზე. წლევანდელ სეზონზე ვერანაირად ვერ მოიესწრება დუშეთის რეაბილიტაცია. არის რამდენიმე ადამიანი ვინც სასტუმროს გახსნას აპირებს ამ რეაბილიტაციის ფარგლებში, თუმცა, ძირითადად ელოდებიან პროექტის  დასრულებას,“ – განმარტავს შალვა ინაშვილი.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 სახლს, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, მიმდინარეობს დუშეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. სამუშაოების ძირითადი ნაწილი მოიცავს შენობების ფასადების და გარეგანი იერსახის რეაბილიტაციას. თუმცა, საჭიროების განსაზღვრულია ასევე ზოგიერთი შენობის ავარიული ნაწილების და მზიდი კონსტრუქციების გამაგრებითი ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ქუჩებიც.